უზენაეს სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო...

d

უზენაეს სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 02/11/2015

2015 წლის 30 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენლები, ადვოკატები, ნოტარიუსები და დარგის სხვა სპეციალისტები.

განხილვის საგანს წარმოადგენდა პრობლემები, რომელიც ექმნებათ პოტენციურ მშობლებს სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშის დაბადების აქტში მშობლად რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სხდომის მონაწილეებმა კაზუსის სახით განიხილეს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი ერთ-ერთი განცხადება, რომლის თანახმადაც, პრაქტიკაში პრობლემებს წარმოშობს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2012 წლის 31 იანვრის #18 ბრძანების მე-19 მუხლში არსებული ჩანაწერი. აღნიშნული ბრძანებით დადგენილია,  რომ: "თუ ექსტრაკორპორული განაყოფიერების პროცესში, რომლის დროსაც ემბრიონის იმპლანტაცია წარმოებს სუროგატი დედის საშვილოსნოში და შესაბამისად, ბავშვის გამჩენ ქალს წარმოადგენს სუროგატი დედა, ასევე გამოიყენება დონორი ან დონორები, სავალდებულოა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, რეგისტრაციის მიზნებისათვის, წარედგინოს ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება წყვილს, სუროგატსა და დონორს ან დონორებს შორის". ხსენებული საკანონმდებლო დანაწესი პოტენციური მშობლებისთვის განსაკუთრებულად პრობლემის შემქმნელი გახდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც სამოქალაქო რეესტრმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო სამედიცინო დაწესებულებიდან ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა იმის თაობაზე, მოხდა თუ არა დონორების გამოყენება სუროგაციის დროს.

სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საკითხი არ არის სრულყოფილად რეგულირებული და არაერთი სენსიტიური დეტალი, რომელიც ხელოვნურ განაყოფიერებას და სუროგაციას უკავშირება, საერთოდ არ არის გათვალისწინებული დღევანდელი კანონმდებლობით. განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზეც, რომ სასამართლოში საქმე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლად რეგისტრაციაზე სამოქალაქო რეესტრის  უართან დაკავშირებით განიხილება არა უდავო წარმოების წესით, არამედ სასარჩელო წარმოების გზით, რაც ბავშის ინტერესებიდან გამომდინარე ქმნის დამატებით პრობლემას, კერძოდ საქმის განხილვა ამგვარად ჭიანურდება და ბავშვი თვეების განმავლობაში რჩება მშობლების გარეშე.

მონაწილეებს დისკუსიის თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების მოკლე კვლევის შედეგები გააცნო უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ, ასევე სპეციალურად სხდომისთვის მომზადებული  მასალები წარადგინა უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ.

სხდომას ხელმძღვანელობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და  სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა.

აქვე გაცნობებთ, რომ უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო ზოგადად მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტის განვითარების მიზნით, პრაქტიკაში გამოვლენილ სამართლებრივ ხარვეზებთან დაკავშირებით ხშირად მართავს სხდომებს, როგორც სამოქალაქო ასევე, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართლებით.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi