უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

sdgsdgsdgsg

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 16/10/2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავლის სახით, დამდგარი ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელ სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით (საქმე №ას-459-438-2015).

სამოქალაქო საქმე შეეხება შპს „M-ის“ სარჩელს, რომლითაც მოსარჩელემ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე, შპს „ბ.-ი პ.-ის“ მიმართ და მოითხოვა:

ა) ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი მშენებარე ფართის ღირებულების – 459,000 აშშ დოლარის;

ბ) „ბეს“ ორმაგი ოდენობით – 20,000 აშშ დოლარის;

გ) ზიანის სახით, მშენებარე ფართის ღირებულების გადასახდელად ბანკიდან მიღებული კრედიტის სარგებლის – 61,310 აშშ დოლარის;

დ) ზიანის სახით, მიუღებელი შემოსავლის – 118,575 აშშ დოლარის (წელიწადში 22,950 აშშ დოლარი, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თვეში – 1,912.5 აშშ დოლარი);

ე) პირგასამტეხლოს – 41,310 აშშ დოლარისა და

ვ) იმ შემოსავლის ანაზღაურების, რომელსაც მოპასუხე უსაფუძვლოდ იღებს მისი კუთვნილი ქონების გამოყენებით (გაქირავებით), გადახდის დაკისრება.

სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეებს შორის გაფორმდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ბ.-ი პ.-ას“ მოსარჩელისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა ქ.ბ.-ში, ჭ.-ის ქ.№5-ში მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსის პირველ სართულზე, მე-6 და მე-8 ღერძებს შორის არსებული კომერციული ფართი (170მ2) ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით, რაზეც უნდა გაფორმებულიყო ძირითადი ხელშეკრულება.

მოსარჩელის მითითებით, უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების  დადებისას, კომერციულ ფართს, პროექტის შესაბამისად, გააჩნდა შესასვლელები, როგორც ჭ.-ის, ისე, ბ.-ის ქუჩიდან, ფოიე – მე-5 და მე-6 ღერძებს შორის და ფოიეს ზევით მე-2-მე-3 სართულების დონეზე – ღია სივრცე, რაც კომერციული ფართის უნიკალურ მახასიათებელსა და მოსარჩელის მხრიდან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დადების მთავარ ინტერესს წარმოადგენდა. ამ ფართში მოსარჩელეს დაგეგმილი ჰქონდა ერთ-ერთი ბრენდის – „K.--ის“ მიერ წარმოებული მამაკაცის ტანსაცმლით ვაჭრობის ექსკლუზიური, პრესტიჟული ობიექტის მოწყობა.

მოპასუხემ, კომერციული ფართის ფაქტობრივი მესაკუთრის (მოსარჩელის) თანხმობის გარეშე და მისივე ინტერესების საზიანოდ, გააუქმა ფართში შესასვლელი ბ.-ის ქუჩიდან, აგრეთვე, გააუქმა საერთო სარგებლობის ფოიე და მის თავზე არსებული სივრცე, რითაც კომერციულმა ფართმა დაკარგა თავისი პირვანდელი სახე და დანიშნულება, პოტენციურ მომხმარებელს შეეზღუდა ობიექტში თავისუფლად მოხვედრის, გამოფენილი ნიმუშების დათვალიერების შესაძლებლობა და სარეკლამო სივრცე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ვერ მიიღო 459,000 აშშ დოლარის სარგებელი, რასაც მიიღებდა მინიმალური წლიური 5%-იანი საბანკო პროცენტის სახით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „M-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ბ.-ი პ.-ას“ შპს „M-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის – 459,000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 41,310 აშშ დოლარის გადახდა. სარჩელი მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო და საკასაციო წესით.

            ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ბ.-ი პ.-ას“ დაეკისრა შპს „M-ის“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის – 39,652,5 აშშ დოლარის გადახდა სარჩელის შეტანის მომენტისათვის, ხოლო სარჩელის აღძვრიდან – 2013 წლის 26 დეკემბრიდან ყოველთვიურად – 1,912,5 აშშ დოლარის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე, პირგასამტეხლოს – 28,917 აშშ დოლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და შპს „ბ.-ი პ.-ას“ დაეკისრა შპს „M“-ის სასარგებლოდ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი მშენებარე ფართის ღირებულების - 459,000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 28,917 აშშ დოლარის  გადახდა.

საკასაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ გამყიდველმა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით კომერციული ფართის მყიდველისათვის გადაცემა ვერ შეძლო, კერძოდ, უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების“ თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის გადაეცა ნივთობრივად უნაკლო საგანი. ხელშეკრულების გაფორმების მიზანსა და მყიდველის ინტერესს კი, წარმოადგენდა ის, რომუძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისასკომერციულ ფართს, პროექტის შესაბამისად, გააჩნდა შესასვლელები, როგორც ჭ.-ის ისე, ბ.-ის ქუჩიდან, ფოიე მე-5 და მე-6 ღერძებს შორის და ამ ფოიეს ზევით (თავზე) 2-3 სართულების დონეზე ღია სივრცე, რაც კომერციული ფართის უნიკალური მახასიათებელი და მისი მხრიდან ხელშეკრულების დადების მთავარი ინტერესი იყო, ვინაიდან დაგეგმილი ჰქონდა კომერციულ ფართში ერთ-ერთი ბრენდის „K.-“ მიერ წარმოებული მამაკაცის ტანსაცმლით ვაჭრობის ექსკლუზიური, პრესტიჟული ობიექტის მოწყობა თუმცა, მისივე ინტერესების საზიანოდ, გაუქმდა ფართში შესასვლელი ბ.-ის ქუჩის მხრიდან, აგრეთვე, გაუქმდა საერთო სარგებლობის ფოიე და მის თავზე არსებული სივრცე მოპასუხის მიერ დამატებითი კომერციული ფართობის მოწყობის გამო, შეიზღუდა ობიექტში პოტენციური მომხმარებლის თავისუფლად მოხვედრის შესაძლებლობა, სარეკლამო სივრცე. ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით.

პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მეორე შემთხვევაში, მისი ოდენობის შემცირების მართლზომიერებასთან მიმართებაში, საკასაციო პალატამ პირველ რიგში, ყურადღება გამახვილა პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვის მქონე მექანიზმზე, ასევე, განცდილი ზიანის ანაზღაურების მოქნილ ინსტრუმენტზე.

საკასაციო პალატის განმარტებით:

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. 

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

საკასაციო პალატამ ერთიმეორისაგან გამიჯნა კანონისმიერი და სახელშეკრულებო პირგასამტეხლო.

პალატის განმარტებით, კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

მოცემულ საქმეზე ვინაიდან ხელშეკრულებაში არსებობდა ამგვარი წერილობითი ჩანაწერი საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. ამიტომ მისი მხარისათვის დაკისრება მართლოზმიერად მიიჩნია.  

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებაში, საკასაციო პალატამ უპირველესად, შეაფასა ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. საკასაციო პალატის განმარტებით ზიანი არის კანონით გათვალისწინებული  ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა) და ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატის განმარტების საგანი გახდა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი. ასევე, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმით დადგენილ ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე,  მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში.  თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

          პალატის განმარტებით, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში. 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ის არგუმენტი, რომ 459,000 აშშ დოლარის  საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, იგი მიიღებდა შემოსავალს წლიურ 5%-ს პროცენტის სახით, საკასაციო პალატამ, ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია დაგანმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.  იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

მოცემული საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მყიდველს 459,000 აშშ დოლარი გადახდილი ჰქონდა უძრავი ქონების შეძენის მიზნით, შესაბამისად, მის ინტერესს წარმოადგენდა უძრავი ქონების შეძენა და არა ნასყიდობის საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით, სარგებლის მიღება. შესაბამისად, არ დადასტურდა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi