უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

gsdgs

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 24/09/2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა კრედიტორისა და მოვალის ურთიერთობებში კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების მოვალეობის დარღვევის შედეგად კრედიტორის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე (№ას-1338-1376-2014 ).

საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო, ბოროტად გამოიყენა თუ არა კრედიტორმა (კომერციულმა ბანკმა) სესხის ხელშეკრულებით მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის უფლება მესამე პირისაგან (სხვა კომერციული ბანკისგან) აღნიშნული ვალდებულების შესრულების შეთავაზების უპასუხოდ დატოვებით, რითაც მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი დანაკლისი.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კრედიტორის (ბანკის) ქმედების მართლზომიერების შეფასების გზამკვლევს წარმოადგენს იმ ალტერნატივის შეფასება, რაც მესამე პირის (სხვა ბანკის) წერილით იქნა შეთავაზებული კრედიტორისათვის. სახელდობრ, პირველ რიგში, უნდა გარკვეულიყო კრედიტორისათვის მიწოდებული შეთავაზების მიზნობრიობა და რეალურობა (სანდოობა), გამომდინარე იქიდან, რომ ხელშემკვრელ მხარეთა შორის, მით უფრო, საკრედიტო დაწესებულებასა და კლიენტს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება ყოველთვის უკავშირდება პრეზუმფციას, რომ ვალდებულება შესრულდება დადგენილი წესის დაცვით.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელი იყო ის ვითარება, რომ საკრედიტო დაწესებულება, რომლისგანაც მიიღო კრედიტორმა შეთავაზება ვალდებულების შესრულების შესახებ, წარმოადგენდა ქართულ საკრედიტო სივრცეში დამკვიდრებულ, რენომირებულ იურიდიულ პირს და არა გაურკვევლი რეპუტაციის მქონე პირს, რომლის წინადადებაც, შესაძლოა, აღქმულიყო ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციისათვის ხელშეშლის ანდა აღსრულების გაჭიანურების მცდელობად; ხოლო რაც შეეხება თავად შეთავაზების წერილს, მისი შინაარსით ერთმნიშვნელოვნად ვლინდებოდა ერთი საკრედიტო დაწესებულების მზადყოფნა სრულად დაფარულიყო მეორე საკრედიტო დაწესებულების მიმართ არსებული მოვალის დავალიანება. ამრიგად, შეთავაზება იყო რეალური და კონკრეტული მიზნის მქონე, კერძოდ, მიზნად ისახავდა ბანკის წინაშე მოვალის ფულადი ვალდებულების შესრულებას და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თავიდან აცილებას.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი  გახდეს. 

საკასაციო პალატის განმარტებით, კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის.

საკასაციო პალატის განმარტებით, სადავო შემთხვევაში კრედიტორის ქმედება იმით იყო მოტივირებული, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია განაპირობა მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევამ და სესხის გადაუხდელობამ, რაც, კრედიტორის განმარტებით, გამორიცხავდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემობების არსებობას. საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული განმარტება არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ის ვითარება, რომ მესამე პირმა კრედიტორს შესთავაზა დავალიანების სრულად დაფარვა, რაც თავის მხრივ, გამორიცხავდა უძრავი ქონების რეალიზაციის გზით კრედიტორის დაკმაყოფილების უკიდურესი ზომის გამოყენებას, თეორიულადაც კი, გამორიცხავს კრედიტორის პოზიციის მართებულობას.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც კრედიტორი ქონების აუქციონზე რეალიზაციის განმაპირობებელ გარემოებად მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევასა და შესაბამისად, სესხის გადაუხდელობას მიიჩნევს, ხოლო თავის მხრივ, მოვალე კრედიტორის ამ გადაწყვეტილებით მიღებულ ზიანზე აპელირებს, სასამართლოს შეფასების საგანია იყო თუ არა კონკრეტულ სიტუაციაში კრედიტორის ქმედება ნაკარნახევი ობიექტური აუცილებლობით და  თუ არ იყო, მიადგა თუ არა ზიანი მოვალეს კრედიტორის ამგვარი ქმედებით.

საკასაციო პალატის განმარტებით, სადავო არ არის, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა, ხოლო ბანკის მოლოდინი ხელშეკრულების გაფორმების მიმართ მდგომარეობდა მის ჯეროვან შესრულებაში, თუმცა საქმის გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით ბანკის ქმედება ვერ იქნება მიჩნეული კეთილსინდისიერ ქმედებად, რამეთუ ბანკის ინტერესი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულებაში მდგომარეობდა და, იმ პირობებში, როდესაც ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მას წერილობით მიეწოდა შეთავაზება, იმის მიუხედავად, იქნებოდა იგი წარმოდგენილი საბანკო გარანტიის თუ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმით,  ბანკს, როგორც საკრედიტო დაწესებულებას, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ევალებოდა გულისხმიერი დამოკიდებულება გამოეჩინა და საბანკო დავალიანების დაფარვის რამოდენიმე ვარიანტიდან ამოერჩია ყველაზე ხელსაყრელი და, ამავდროულად, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.

შეთავაზების წერილი, მართალია, პირდაპირ არ ავალდებულებდა ბანკს შეეწყვიტა მოვალის მიერ საკრედიტო ვალდებულების დარღვევის გამო დაწყებული, კანონითა და მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სააღსრულებო პროცედურები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულების მართლზომიერი ქცევის განმსაზღვრელი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულება და არა მარტოოდენ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცის უფლება. მით უფრო, რომ იპოთეკის საგნების რეალიზაცით მოთხოვნის დაკმაყოფილების მიმართ კრედიტორის უპირატესი ინტერესი გამოკვეთილი არ იყო, რადგანაც მას შეეძლო რეალიზაციისათვის დამახასიათებელი მთელი რიგი პროცედურებისა და დამატებითი ხარჯების გვერდის ავლით, უფრო მოკლე დროში დაეკმაყოფილებინა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირისაგან ფულადი ვალდებულების შესრულებაზე შეთავაზების მიღებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა ლოგიკური და თანმიმდევრული ვარაუდის საფუძველს, რომ ბანკის მხრიდან უძრავი ნივთების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის, როგორც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების უკიდურესი ფორმის, გამოყენება შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi