საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და...

rt

საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და ჰამბურგის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია: 02/07/2015

2015 წლის 2 ივლისს  საქართველოს უზენაეს სასამართლოს  ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან:  ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე   ფრიდრიხ-იოხამ მემელი, ჰამბურგის სოციალური სასამართლოს თავმჯდომარე   ვოლფგანგ ზივერტი, ამავე სასამართლოს პრეზიდიუმის წევრი მოსამართლე   პეტერ ვინტერი და ჰამბურგის უნივერსიტეტის, ბუცერიუსის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი  დოქტორი როლანდ ბროემელი.

უზენაეს სასამართლოსა და ჰამბურგის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სამართლებრივ სფეროში ფართო და მრავალმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  მისასლმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა გერმანულ სამართალთან  მჭიდრო კავშირს,  გერმანელ კოლეგებთან  საქართველოს საერთო სასამართლოების, სამეცნიერო,  აკადემიური წრეების ხანგრძლივი ურთიერთობის  მრავალწლიან  ტრადიციას.  „ დღევანდელი შეთანხმების  მიზანია სასამართლო ადმინისტრირებისა და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე სასამართლოებს შორის ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, რაც სამართლის უზენაესობის განსამტკიცებლად,  სამართლებრივ სახელმწიფოთა შორის დიალოგსა და მომავალ მჭიდრო ურთიერთობებზეა ორიენტირებული“ განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

ნინო გვენეტაძემ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ შორის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სტანდარტის ამაღლებაზე ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ეფექტურად გამოყენების ჭრილში, ასევე, ხაზი გაუსვა უზენაეს სასამართლოში მოქმედ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მნიშვნელობას და როლს, იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომელიც  სამართლის პრობლემურ საკითხებს უკავშირდება.

„საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერა მოითხოვს ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით კონკრეტულ სამართლებრივ პრობლემებზე, თემებზე ერთობლივ მუშაობას, აქტიურ დისკუსიებსა და კონსულტაციებს, ტრენინგებს, ქართველ და გერმანელ მოსამართლეებს შორის პირდაპირ დიალოგს. დაძმობილებულ სასამართლოებს  შეუძლიათ  ამ თანამშრომლობაში აგრეთვე ჩართონ მართლმსაჯულების სხვა ინსტიტუტები და მათი თანამშრომლები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ადვოკატები, ნოტარიუსები, აკადემიური დაწესებულებები - უნივერსიტეტებისსამართლის სკოლები და იურიდიული კლინიკები“, განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

ქართველ მოსამართლეებსა და მოწვეულ სტუმრებს ჰამბურგის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე   ფრიდრიხ-იოხამ მემელი მიესალმა და  თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება  შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის სასამართლო სისტემებისთვის. „ამ ტიპის მემორანდუმის ხელმოწერა გერმანული მხარისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა  კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ და დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამართალი, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე“ განაცხადა ფრიდრიხ იოხამ მემელმა და გამოთქვა მზადყოფნა, რომ გერმანული მხარე აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელების პროცესში.

იმავე დღეს უზენაეს სასამართლოში გერმანელმა  მოსამართლეებმა  პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართეს  რაიონული, საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებთან, სადაც  იმსჯელეს  ადმინისტრაციული სამართლის გადაწყვეტილებების ანალიზის კრიტერიუმებისა და სტრუქტურის თაობაზე.

სასამართლოებს შორის პარტნიორული ურთიერთობა მხარდაჭერილი და ორგანიზებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.

გერმანელი სტუმრების ვიზიტი საქართველოში 5 ივლისს დასრულდება. 

იხილეთ მემორანდუმი ქართულ და გერმანულ ენებზე.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi