უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

efwefwe

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 04/06/2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ხელშეკრულების ბუნდოვანი გამონათქვამების განმარტებასთან  დაკავშირებით.(საქმე #ას-1144-1090-2014)

განხილული სამოქალაქო საქმე შეეხებაი.ს-ის სარჩელს, რომლითაცმოსარჩელემ მიმართაქუთაისის საქალაქოსასამართლოსმოპასუხესს „ს.ბ-ის“ მიმართდამოითხოვა, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ მხარეებს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 3714 აშშ დოლარით. მოგვიანებით, მხარეები შეთანხმდნენ ერთი წლის განმავლობაში ანუ, 2010 წლის 1 აპრილამდე საიჯარო ქირის 3000 აშშ დოლარამდე შემცირების თაობაზე. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ 2010 წლის 1 აპრილიდან მოპასუხეს უნდა გადაეხადა კვლავინდებურად 3714 აშშ დოლარი, ის კი, იხდიდა მხოლოდ 3000 აშშ დოლარს. 2011 წლის მაისში მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზედაც საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა (მოსარჩელე).

უზენაესმა სასამართლომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 334-ე და 338-ე მუხლებით განმარტა, რომ ხელშეკრულებათა განმარტების სპფეციფიკა განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს.  სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას:ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით.  ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს.

„ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი  და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული.

ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა.  განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა.

ხელშეკრულების გამონათქვამების სხვადასხვანაირობა გულისხმობს, რომ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება სხვადასხვანაირად იქნას გაგებული. გამონათქვამთა საგულდაგულო შერჩევის მიუხედავად, დოკუმენტი ყოველთვის ერთნაირად ვერ იქნება აღქმული მისი წამკითხველების მიერ. გამონათქვამების შინაარსის დადგენა უნდა მოხდეს ხელშეკრულების საერთო ტექსტით ან ხელშეკრულების იმ ნაწილებით, რომლებიც განსამარტავ გამონათქვამებს შეიცავენ.

ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში.  ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გარიგების განმარტების შესახებ   52-ე მუხლის გარდა, მოიცავს ასევე ნორმებს, რომლებიც ხელშეკრულებათა განმარტების საკითხებს აწესრიგებს, მაგალითად, 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi