დისკუსია მართლმსაჯულების მთავარი...

terter

დისკუსია მართლმსაჯულების მთავარი გამოწვევების თაობაზე

გამოქვეყნებულია: 19/05/2015

2015 წლის 18 მაისს  მართლმსაჯულების სახლში გაიმართა დისკუსია მართლმსაჯულების მთავარი გამოწვევების თაობაზე. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ გახსნა და შეხვედრის მონაწილეებს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე სასამართლოს პოზიციები და ხედვები წარმოუდგინა. დიალოგში მონაწილეობდნენ სამივე ინსტანციის მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები  შეეხება  „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს, „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონს, ასევე, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ კანონსა და უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს.

დისკუსიის რეჟიმში პოზიციების წარმოდგენის დროს სასამართლოს თავმჯდომარეთა ერთმა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, მათი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას გულისხმობს.

დისკუსიის საგანი გახდა აგრეთვე სასამართლოების თავმჯდომარეების მიერ სამოსამართლეო უფლებამოსილების შესრულებაზე უარის თქმა მენეჯერული ფუნქციის გამო.  

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, „დიალოგის გამართვის დროს ჩემი მთავარი მიზანი იყო სასამართლო კორპუსის ორიენტირება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ასევე, თითოეული მოსამართლის უფლებებისა და გარანტიების უზრუნველყოფა. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია მოსამართლეთა პოზიციების მოსმენა, მაგრამ ამავე დროს არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ მოსამართლის მთავარი დანიშნულება არის, განახორციელოს მართლმსაჯულება და განიხილოს საქმეები.

 ჩვენ გვყავს  გარკვეული კატეგორია სასამართლოს თავმჯდომარეებისა, რომლებსაც თავიანთი ათწლიანი სამასამართლეო უფლებამოსილების განხორციელების დროს არც ერთი საქმე არ განუხილავთ. ისინი  მენეჯერული ფუნქციების გამო უარს ამბობენ საქმეთა განხილვაზე, თუმცა, კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ მოსამართლის ფუნქცია არის საქმის განმხილვა. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს და დარეგულირდეს კანონით.“

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის გარშემო მსჯელობამ მართლმსაჯულების სახლში შვიდ საათზე მეტხანს გასტანა.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi