საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის...

axalifotooo

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორი კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა

გამოქვეყნებულია: 09/03/2015

2015 წლის 6 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ორ საქმეზე შეაჩერა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრების განხილვა.

ორივე კონსტიტუციური წარდგინების ძირითადი საფუძველი გახდა საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის (გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის: ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან (კანონს, თუ ის [...] არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს) შესაბამისობის დადგენის საკითხი.

საკასაციო პალატამ აღნიშნული გადაწყვეტილებები შემდეგ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო:

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5პუნქტის მეორე წინადადების შესაბამისად, კანონს, თუ ის [...] არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს - აღნიშნული ნორმა შინაარსობრივი თვალსაზრისით გულისხმობს პასუხისმგებლობის გაუქმების შემთხვევაში უკუძალის გავრცელების სავალდებულობას.

პასუხისმგებლობის ცნებასთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტში მოხსენიებული ტერმინი „პასუხისმგებლობა“ არის სუბიექტური და ობიექტური პასუხისმგებლობის ერთობა: ტერმინი „პასუხისმგებლობა“ უნდა განიმარტოს ფართოდ და მასში უნდა ვიგულისხმოთ ნებისმიერი იურიდიული პასუხისმგებლობა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის გაუქმებას, აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ამა თუ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების კატალოგიდან ამორიცხვა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის #1/1/428,447,459 გადაწყვეტილება, II.პ.5). გარდა ამისა, თავად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილიც პირდაპირ მიუთითებს, რომ  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესეიგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.შესაბამისად, ცალსახაა, რომ ,,პასუხისმგებლობის“ ცნება სისხლისსამართლებრივი თვალსაზრისით, პირველ რიგში, დანაშაულს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი,  დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიუხედავად, ადგენს პირის მსჯავრდების (დამნაშავედ გამოცხადების), სასჯელის დანიშვნისა და მხოლოდ ამის შემდეგ პირის სასჯელისაგან გათავისუფლების სავალდებულო წესს იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება, რომელიც ჩადენის დროისათვის დანაშაულს წარმოადგენდა, განაჩენის გამოტანის დროისათვის დეკრიმინალიზებულია - ამორიცხულია „მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა კატალოგიდან“. აღნიშნული ბუნდოვანი ვითარება განსაკუთრებით მაშინაა თვალშისაცემი, როდესაც მას პირველი ინსტანციის სასამართლო იყენებს, ანუ როდესაც ნორმის მოქმედების პირობებში არ მომხდარა პირის მსჯავრდება და ეს პირველად განხორციელდა მას შემდეგ, რაც ნორმამ არსებობა შეწყვიტა ანუ როდესაც გარკვეულ პერიოდში მან კანონიერი ძალა დაკარგა და ამ სამართლებრივ სივრცეში მყოფი პირების მიმართ სრულიად უსარგებლოდ იქცა. ამდენად, ფაქტობრივად, განაჩენის გამოტანის დროს არარსებული (დეკრიმინალიზებული) სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე ხდება პირის დამნაშავედ ცნობა და მხოლოდ სასჯელისაგან გათავისუფლება.

 საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ასევე განმარტებულია, რომ „პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და გამაუქმებელი კანონმდებლობის სავალდებულო მოქმედება არის კონსტიტუციით დაცული [...]. კანონმდებელი ასევე შებოჭილია ამავე მუხლის იმ კონსტიტუციური დებულებით, რომ, თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ კანონით გაუქმდა ან შემსუბუქდა პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის #1/1/428,447,459 გადაწყვეტილება, II.პ.12). გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნულია, რომ ეს უფლება აბსოლუტურ ხასიათს ატარებს და, შესაბამისად, მისი შეზღუდვა არ დაიშვება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის #1/1/428,447,459 გადაწყვეტილება, II.პ.1).

 ამდენად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ აბსოლუტური უფლებით შეზღუდული სარგებლობა რისკის ქვეშ აყენებს თავად ამ უფლების რეალური, ეფექტური და შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობას, რაც, თავისთავად, ამ გარანტიის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მეორე საკითხი, რაც საფუძვლად დაედო ერთ-ერთ კონსტიტუციურ წარდგინებას საკასაციო საჩივრის განხილვის ფარგლები და მისი შეზღუდულობის კონსტიტუციურობის საკითხია, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2014 წელს ორ საქმეზე შეაჩერა საქმისწარმოება და მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.

 იხილეთ საქმის წარმოების შეჩერების განჩინებები 1 2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi