უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

addas

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 26/01/2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის შესახებ (საქმე #ბს-854-836 (კ-12)).

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ,,საქპატენტის“ გადაწყვეტილების გასაჩივრების სამთვიანი ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღებიდან და არა უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა მითითებული მოსაზრება და აღნიშნა, რომ აქტის გაცნობამდე გასაჩივრების დაშვება გამოიწვევდა საჩივრის მიზნის - კონტროლის განხორციელების უარყოფას. 

ადმინისტრაციული აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, ვის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით. აქტის ძალაში შესვლის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დასაცავად. სწორედ აქტის ძალაში შესვლის, ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადების ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ,,ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“ მადრიდის შეთანხმება, ,,ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებისა და აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის ზოგადი წესები“ და ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული 27.06.1989წ. ოქმი არ იძლევა საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის მფლობელისათვის, ეროვნულ განმცხადებელთან შედარებით, გასაჩივრების უფრო ნაკლები ვადის განსაზღვრის საფუძველს. აღნიშნულის მიუხედავად, მოცემულ საქმეში საერთაშორისო ნიშნის მფლობელს, გადაწყვეტილების გამოტანიდან გასაჩივრების ვადის ათვლის გამო, ეროვნულ განმცხადებელთან შედარებით, ფაქტიურად მიეცა საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრულ ვადაზე რამდენიმე კვირით შემცირებული ვადა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიმე ობიექტური საფუძველი ასეთი დიფერენცირებული მიდგომისთვის არ არსებობდა. პალატამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ნიშნის დაცვაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს იმავე პირობებით, რა პირობებიც არის დადგენილი ნაციონალური რეგისტრაციისათვის, ასევე დაინტერესებულ პირს ეძლევა ისეთივე უფლება გასაჩივრებისთვის, როგორც განცხადების შეტანის ქვეყანაში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს განსხვავებულ მიდგომას, უკეთუ არსებული განსხვავება იძლევა განსხვავებული მიდგომის მართლზომიერების დასაბუთების შესაძლებლობას. უფლების დაცვის შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეჟიმის დამკვიდრებას საერთაშორისო ნიშნის მფლობელისთვის არ აქვს გონივრული საფუძველი.

საკასაციო პალატის აზრით, აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის ათვლა არ ხდება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით არის შესაძლებელი, აქტი უნდა შეიცავდეს მითითებას მისი გასაჩივრების წესის შესახებ. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა უარის თქმის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. ადმინისტრაციული საჩივრის უფლების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სხვა უფლებების და ინტერესების დაცვის სამართლებრივ  საშუალებას  წარმოადგენს, რაც განაპირობებს საჩივრის უფლების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი საქმიანობით უნდა უზრუნველყოს ეროვნული განმცხადებლისათვის და საერთაშორისო ნიშნის მფლობელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების კანონით განსაზღვრული სამი თვის ვადაში გასაჩივრების უფლებით რეალური სარგებლობა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება არის იურისდიქციული საქმიანობის სახეობა, რომელიც ეხება დავის გადაწყვეტას, კონფლიქტის გადაჭრას, დარღვეული უფლების აღდგენას ან კანონიერი ინტერესის დაცვას, სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამასთანავე, ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მხარისათვის გაცნობის პროცესის ორგანიზაციის, აპარატის საქმიანობის ორგანიზაციის საკითხი მმართველობის სფეროს განეკუთვნება და სცილდება სასამართლო საქმიანობის სფეროს.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi