უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

i

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 15/01/2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ავტომანქანის, როგორც მოძრავი ნივთის, შეძენისას საკუთრების უფლების წარმოშობისა და უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების  სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით (საქმე №ას-658-625-2014).

მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები იყო შემდეგი: დ. გ-მ დ. ბ-საგან შეიძინა ავტომანქანა, რომელიც შემდგომ გ. დ-ს მიჰყიდა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული ავტომანქანა გ. დ-ს ჩამოართვა იმ მიზეზით, რომ ავტომანქანა ირიცხებოდა დ. ბ-ის სახელზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის მიმართ დავალიანება გააჩნდა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის საგანზე უფლებრივი ნაკლის არსებობის გარკვევის მიზნით, უნდა დადგინდეს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ავტომაქანის დაყადაღების დროისათვის დ. ბ-ი იყო თუ არა მოძრავი ნივთის მესაკუთრე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ კითხვას უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს, ვინაიდან მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ავტომანქანა დ. ბ-მ მფლობელობაში გადასცა დ. გ-ს, ხოლო დ. გ-მ - გ. დ-ს. ასევე დადგენილია ნივთის ღირებულების გადახდის ფაქტი, რაც უდავოდ მოწმობს, რომ დ. ბ-ს,  მას შემდეგ, რაც ნივთი დ. გ-ს გადასცა, ამ ნივთზე საკუთრების უფლება აღარ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ნივთი კვლავ დ.ბ-ს სახელზე ირიცხებოდა.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება (იხ. ასევე, სუსგ Nას-914-954-2011).

საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ, ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საგანზე მესამე პირის უფლებად შეიძლება განვიხილოთ ყველა სანივთო უფლება; მავალდებულებელი უფლებები, რომლებიც შემძენის წინააღმდეგაა მიმართული; საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები, მათ შორის გამყიდველის იმგვარი ვალდებულებები, რაც ამ ნივთის დაყადაღების საფრთხეს წარმოშობს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ დ. ბ-სა და დ. გ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, ან 2009 წლის 21 ივლისს, გ. დ-ის მიერ ავტომობილის შეძენის დროისათვის, ნივთზე სსიპ შემოსავლების სამსახურს პრეტენზია გააჩნდა, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის ნივთზე უფლებრივი ნაკლის არსებობა დადგენილი არ იყო.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლით განმტკიცებულია მყიდველის უფლება, ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა, თუმცა, ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ამ უფლების რეალიზაციისათვის კანონითვეა დადგენილი მისი გამოყენების წინაპირობები, ნორმის თანახმად, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების თანმდევი შედეგის - მხარეთა ორმხრივი რესტიტუციისათვის, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს ა) მოპასუხის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისა და ბ) ვალდებულების შესრულების თაობაზე კრედიტორის (მოსარჩელის) მიერ მოვალის გაფრთხილების ან მისთვის დამატებითი ვადის დაწესების ფაქტი (სკ-ის 405.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის (განსაზღვრავს რა ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგს), გამოყენება კი დაიშვება მხოლოდ ამავე კოდექსის 405-ე მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც ხელშეკრულებიდან გასვლის წესისა და სავალდებულო პირობების მარეგულირებელ დანაწესს წარმოადგენს.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi