საქართველოს უზენაესმა სასამართლომ...

logo ganmart 222

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა

გამოქვეყნებულია: 21/11/2014

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა ორსული საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით.

 1.    საქმე №ბს-388-377(კ-13)

მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში საკასაციო სასამართლომ  უკანონოდ მიიჩნია, შტატების შემცირების გამო ორსული საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლება და აღადგინა იგი შესაბამის თანამდებობაზე. სასამართლოს განმარტებით შტატების შემცირების გამო მოხელის (ქალის) თანამდებობიდან განთავისუფლება ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში,   მისი სამუშაოზე დარჩენის კანონით გარანტირებული უპირატესი უფლების გამო დაუშვებელი იყო.

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა ე. ბ-შვილის სარჩელს, რომლითაც მან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ განთავისუფლების მომენტისათვის ის 19-20 კვირის ორსული იყო.

აღნიშნულ საქმეში, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36.3 მუხლი ერთი მხრივ აღიარებს დედათა და ბავშვთა უფლებების (მათ შორის დედის შრომის უფლების) განსაკუთრებული დაცვის საჭიროებას, ხოლო მეორე მხრივ, ავალდებულებს კანონმდებელს მიიღოს სათანადო რეგულაციები. საჯარო მოსამსახურე ქალის შრომის უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიებს ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომლის 111-ე მუხლი დაწესებულების ადმინისტრაციისათვის მოხელე ორსული ქალის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვას აწესებს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე, ატესტაციის შედეგების გამო. ამდენად, აღნიშნული მოწესრიგებით კანონმდებელი მიზნად ისახავს არა მხოლოდ ორსული მოხელე ქალის შრომითი უფლებების დაცვას და მისთვის დამატებითი სოციალური გარანტიების შექმნას, არამედ აგრეთვე 3 წლამდე ბავშვის ინტერესების განსაკუთრებული დაცვის უზრუნველყოფას.

საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ამ სამართლებრივი სიკეთეების მომეტებული დაცვის საჭიროებაზე საერთაშორისო აქტებიც მიუთითებენ. „ევროპის სოციალური ქარტიის” 8.2 მუხლის თანახმად, ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეებმა იკისრეს ვალდებულება უკანონოდ მიიჩნიონ დამსაქმებლის მიერ ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება, ქალის მიერ ფეხმძიმობის შესახებ დამსაქმებლისათვის ინფორმაციის მიწოდებიდან დეკრეტული შვებულების დასრულებამდე პერიოდის განმავლობაში ან ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შეტყობინების გადაცემა ამ პერიოდის ამოწურვისას. მართალია აღნიშნული ნორმა რატიფიცირებული არ არის საქართველოს პარლამენტის მიერ, თუმცა „ევროპის სოციალურ ქარტიასთან“ მიერთებით (საქართველოს პარლამენტის 01.07.05წ. №1876 დადგენილება), საქართველომ იკისრა ისეთი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულება, რომლებიც შესაძლებელს გახდის ქარტიით გათვალისწინებული რიგი უფლებებისა და პრინციპების ეფექტურ განხორციელებას, რომელთა შორისაა ბავშვის დაბადების შემთხვევაში, დასაქმებული ქალის მიერ სპეციალური დაცვის მოთხოვნის უფლება (,,ევროპის სოციალური ქარტიის“ პირველი ნაწილის მე-8 პუნქტი). ამასთან, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს უზენაესი საბჭოს 15.09.1991წ. დადგენილებით) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დედობა და ჩვილი ბავშვის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ორსული ქალის სამსახურიდან განთავისუფლების მხოლოდ საკანონმდებლო აკრძალვა საკმარისი არ არის მოხელის უფლებების რეალური დაცვისთვის, სახელმწიფო ორგანოებმა, სათანადო ნორმატიული საფუძვლების გათვალისწინებით, უნდა მოახდინონ ორსულ ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკული უზრუნველყოფა.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ორსული მოხელის მიერ სამუშაოზე დარჩენის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უპირატესობით სარგებლობის უფლების რეალიზებისათვის მოსარჩელე უნდა აღდგენილიყო სამსახურში.

 2.    საქმე №ბს-463-451(კ-13)

მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში საკასაციო სასამართლომ  უკანონოდ მიიჩნია 7 თვის ორსული საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლება და  ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა  დაავალა.  სასამართლომ განმარტა, რომ მოხელის სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა მოხელის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა ანუ ნება გამოვლენილი იყო თუ არა თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისგან დაცულად.  ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს  უნდა გაეთვალისწინებინა საჯარო მოხელის განსაკუთრებული მდგომარეობა - ორსულობა.

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა ნ. მ-ძის სარჩელს, რომლითაც მან  სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, იგი სამსახურიდან გაანთავისუფლეს უკანონოდ, განთავისუფლების ბრძანებაში მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება პირადი განცხადების საფუძველზე. მოსარჩელის მტკიცებით, მართალია, განცხადება მისი დაწერილი იყო, მაგრამ არ გამოხატავდა მის ნებას, მისი ნება გამოვლენილ იქნა ძალდატანებისა და მოტყუების საფუძველზე. სამსახურიდან განთავისუფლების მომენტისათვის იგი 7 თვის ორსული იყო.

აღნიშნულ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არის მისი ნების გამოვლენა, თუმცა, ნება გამოვლენილი უნდა იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისგან დაცული. ამდენად, ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარება. ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, დაპირების, შანტაჟის და სხვა, სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული.

 საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ორსულ ქალთა და მათი უფლებების განსაკუთრებული დაცვის რეჟიმში მოქცევა მისი ობიექტური მდგომარეობითაა განპირობებული. ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფსიქოემოციური სფეროს ცვლილებების გათვალისწინებით,  ორსული ქალის  ნების გამოვლენის ნამდვილობა საჭიროებს სრულიად სპეციფიურ გამოკვლევას, თუ რა გარემოებებით არის გამოწვეული სურვილი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რა შედეგების მომტანია ეს მისთვის, ბავშვის ინტერესებისათვის და სრულად აცნობიერებს თუ არა ის ნების გამოვლენის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილების შედეგებს.  წინამდებარე დასკვნა არ უნდა იყოს გაგებული იმგვარად, რომ ორსული ქალის ან მეძუძური დედის  ნების გამოვლენა არსებითად განსხვავდება ქმედუნარიანი პირის ნების გამოვლენისგან, არამედ, ორსულ ქალთა სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებული სტანდარტი საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით უნდა გამოვლინდეს მტკიცების ტვირთის სპეციფიკური გადანაწილებით.

ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ იმსჯელა საჯარო შრომით- ურთიერთობების მონაწილეთა უფლება-მოვალეობებზე, საჯარო სამსახურის დაწესებულების ხელმძღვანელსა და საჯარო მოხელეს შორის ურთიერთობის ფორმებსა და მის სამართლებრივ შედეგებზე, საჯარო მოსამსახურის განთავისუფლების გადაწყვეტილების მომზადებასა და გამოცემის სამართლებრივ წესზე, ასევე ევროპის ქვეყნებში შრომის უფლებასა და კონკრეტულად, ქალთა შრომის უფლებაზე და ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებაზე. 

იხ. გადაწყვეტილება ბს-388-377(კ-13) სრულად

იხ. გადაწყვეტილება ბს-463-451(კ-13) სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi