უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის...

kote pripingi

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია: 13/03/2014

2014 წლის 13 მარტს უზენაეს სასამართლოში გაიმართა ბრიფინგი, სადაც კონსტანტინე კუბლაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი შეაფასა, რომლის თანახმადაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი ოცამდე უნდა განისაზღვროს, და ასევე, აღნიშნული კანონპროექტით, იცვლება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვადა და საფუძველი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტი შეიცავს ბევრ საფრთხეს სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

„როცა სასამართლო სისტემის შესახებ ვინმეს სურს რაიმე ცვლილების განხორციელება, ვალდებულია კონსულტაციები გაიაროს თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და პლენუმთან. საუბარია სამ მნიშვნელოვან საკითხზე: პირველი- უნდა გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა, მეორე - ეს არის საქმეთა დასაშვებობის პრინციპი, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ფაქტობრივად უნდა გაუქმდეს და მესამე საკითხი- ეს არის საქმეთა განხილვის ვადის 6-დან 4 თვემდე შემცირება. რა საფრთხეებს შეიცავს ეს ცვლილებები? უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს თავად უზენაესი სასამართლო და ეს პრინციპი აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რათა  სასამართლო დაცული იყოს სხვა ხელისუფლების მხრიდან ჩარევისაგან. თუ ჩვენ ამ რაოდენობის საკითხს გადავცემთ საკანონმდებლო ხელისუფლებას, ეს დამოუკიდებლობისთვის შექმნის უზარმაზარ საფრთხეს, რადგან საკანონმდებლო ხელისუფლებას შეეძლება გარკვეული დროის შემდეგ თქვას, რომ უზენაეს სასამართლოში არა 20, არამედ 15 მოსამართლე უნდა იყოს. იგი უზენაეს სასამართლოსთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე განსაზღვრავს ამ რაოდენობას და მხოლოდ მის უფლებებში დარჩება მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრა. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის,“ - განაცხადა  ბრიფინგზე კონსტანტინე კუბლაშვილმა. 
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, უცილებელია, რომ  მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრა დარჩეს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში. 
"თუკი  შეიძლება ეს უფლება ვინმეს  გადაეცეს, ეს არ უნდა იყოს არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს უნდა იყოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული, ამით მაღალ დონეზე იქნება დაცული  უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ჩარევისგან - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. 
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს მიერ საქმის დასაშვებობის სისტემის შესახებ  შემუშავებულ ცვლილებებს, კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით:
"თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტია, რომ უზენაესი სასამართლოები საქმეთა დასაშვებობის პრინციპით მუშაობს, იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლო არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო და იგი საქმეებს განიხილავს სწორედ ამ წესით. ამ დროს მისი მთავარი ფუნქციაა, მნიშვნელოვანი განმარტებების გაკეთება კონკრეტულ სამართლებრივ ნორმებზე. საქმეები, რომლებიც კანონისა და პრაქტიკის შესაბამისად არის გადაწყვეტილი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ, უზენაეს სასამართლოში აღარ განიხილება, იმიტომ რომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებებში  სამართლებრივად ყველაფერი სწორად არის გაკეთებული. უზენაესმა სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს სწორედ ისეთ საქმეებს, სადაც არ არის ჯერ პრაქტიკა დადგენილი, არ არის კარგად განმარტებული ნორმები".
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას,საქმის განხილვის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით , უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, არც ერთ დემოკრატიული სისტემის სასამართლოებში   არ დგას საკითხი ვადებთან დაკავშირებით,  თუ რა ვადაში უნდა მოხდეს საქმის განხილვა,  მაგალითად, საფრანგეთში საქმეთა განხილვის საშუალო ვადა  წარმოადგენს 9 თვეს,  ჩვენთან კი  ეს დადგენილია 6 თვით. ამის შემცირება 4 თვემდე ნიშნავს, სწორედ კონვეიერის სისტემით საქმეების განხილვას, ასეთი მიდგომა საქმეთა განხილვის მიმართ კი ჩვენთვის მიუღებელი", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. 
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ პატივისცემით მოეკიდონ სასამართლოს და საკითხები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებას უკავშირდება, მხოლოდ სასამართლოსთან კონსულტაციების  შემდეგ გამოიტანონ განსახილველად.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi