უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

10.03.2014

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 10/03/2014

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა უძრავ ნივთზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, როგორც გარიგების ფორმის თაობაზე (№ას-1529-1443-2012).

მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ უძრავი ნივთის ჩუქების წინარე ხელშეკრულება წარმოადგენდა ბათილ გარიგებას, იმ საფუძვლით, რომ იგი კანონით დადგენილ ფორმას არ შეესაბამებოდა - არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, შესაბამისად, გარიგება არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს. ამ გარემოების გათვალისწინებით, არც ხელშეკრულების მხარეს არ წარმოშობია მეორე მხარისათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება და როგორც თანამდევი შედეგი, უსაფუძვლო იყო ამ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო ხელშემკვრელი მხარისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლომ, სარჩელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა მიუთითებდა არა ჩუქების წინარე ხელშეკრულების დადებაზე, არამედ იკვეთებოდა გარიგების სასყიდლიანი სახე, რადგანაც მოსარჩელემ ი. გ-ს ვალდებულების აღიარების სანაცვლოდ შეუძინა სამოთახიანი ბინა ქ.თბილისში, ხოლო ი. გ-მ იკისრა ვალდებულება რ. გ-ს წინაშე, პირველი მოთხოვნისთანავე, მის სახელზე გაეფორმებინა ი. გ-ს სახელზე რიცხული უძრავი ნივთის ½ ნაწილი, ვინაიდან, ი. გ-მ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ დამფუძნებელთა რიგებში ყოფნაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ რ. გ-მ მას და მის ქალიშვილს უყიდა 70 კვ.მ ფართის სამოთახიანი ბინა თავისი სახსრებით და რეალურად უნდა მიეღო ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა.  

სადავო შეთანხმების ჩუქების წინარე ხელშეკრულებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, იგი აკმაყოფილებდა ამ ტიპის გარიგებისათვის კანონით დადგენილ ფორმას. გარიგების ფორმის მომწესრიგებელი ზოგადი დებულებები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 68-ე-71-ე მუხლებში. გარიგების ძირითადი ფორმებია ზეპირი და წერილობითი ფორმა, ხოლო წერილობითი გარიგება თავის მხრივ შეიძლება იყოს მარტივი ან რთული (სანოტარო) სახის. სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი უძრავი ნივთის გადაცემისათვის ადგენს მხოლოდ წერილობითფორმას.ამდენად, სამოქალაქო კოდექსის არც ერთი ნორმა არ განიხილავს უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, როგორც გარიგების ფორმას.

რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმას, რომლის მიხედვითაც უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს გადაცემით ჩუქებით ხელშეკრულებას, ანუ ჩუქების ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა შეთანხმება, აუცილებელია საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. 

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi