უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები

logo

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები

გამოქვეყნებულია: 01/11/2013

ბოლო ერთი კვირის მანძილზე, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განაჩენი შეიძლება გამოიყოს, რომლებიც უზენაესი სასამართლოს, როგორც საკასაციო ინსტანციის როლსა და მნიშვნელობაზე მიუთითებს. ასევე, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, შესაძლოა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიცვალოს მთლიანად ან ნაწილობრივ, ან გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვოს. თუმცა, ყველა შემთხვევაში, თითოეული გადაწყვეტილების უკან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა და უზენაესი სასამართლოს, როგორც ნორმის განმარტების ფუნქციის მატარებელი ინსტანციის მნიშვნელობა დგას.

უზენაესი სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება

2013 წლის 25 ოქტომბერს, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებული ბ. ზ. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და იგი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის თანახმად, ბ. ზ.-ს 2012 წლის 1 მაისს, სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში კონფლიქტი მოუვიდა ა. გ.-სთან, რა დროსაც ბ. ზ.-მ გამოიყენა სახრახნისი, რითიც ა. გ.-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მიღებული ჭრილობების შედეგად 2012 წლის 4 ივნისს ა. გ. გარდაიცვალა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ბ. ზ. ცნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განაჩენით ბ. ზ.-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, ბ. ზ. გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ არ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი ბ. ზ.-ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა ბ. ზ.-ის მიერ განხორციელებულ ქმედებას შეეძლო თუ არა იმ ხარისხის დაზიანებების მიყენება, რაც, ექსპერტის დასკვნის თანახმად, ა. გ.-ის სიკვდილის მიზეზი გახდა. შესაბამისად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი ბ. ზ.-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის და იგი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.

უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა

2013 წლის 25 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ შეცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში.

საქმე პირველი ინსტანციის წესით ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და 2013 წლის 28 მარტის განაჩენით ა. კ. და ა. გ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ; ძარცვასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში. 

საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის 26 ნოემბერს დაახლოებით 00.10 საათზე ქ. ბათუმში, ბეთლემის ქუჩაზე არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ა. კ., ა. გ.-სთან და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მიზნით, თავს დაესხა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რა დროსაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ თანხას- 1000 დოლარსა და 50 ლარს და 7245 ლარის ღირებულების „აუდის“ მარკის ავტომანქანას. 

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გამოიკვლია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ა. კ.-ს სასჯელის ზომად განუსაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა-1000 ლარი, ხოლო ა. გ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარი. 

მსჯავრდებულებმა განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მსჯავრდებულები გაამართლა ძარცვის ბრალდებაში და დამნაშავედ ცნო მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენაში. შესაბამისად, ა. კ.-ს და ა. გ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრათ მხოლოდ ჯარიმა-1000 ლარი და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო ინსტანციაში ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გაასაჩივრა. 

საკასაციო პალატამ იმსჯელა წარმოდგენილ საჩივარზე და პროკურორის საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ: უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით, ა. კ.-სა და ა. გ.-ს მსჯავრს (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) ასევე უნდა დაემატოს თვითნებობის მსჯავრდება. 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. კ.-ს მიესაჯა 2 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ა. გ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა

2013 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა ნაწილობრივ შეცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ჭ.-ის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედებოდა თაღლითობა. 

აღნიშნული საქმე პირველი ინსტანციის წესით რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა და სასამართლოს 2013 წლის 4 იანვრის განაჩენით მ.ჭ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ბრალდების ორი ეპიზოდი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, რუსთავის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
მ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 7 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში მისი ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ. ჭ.-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების პირველ ეპიზოდში (დაზარალებული ნ. ბ.-ის ეპიზოდი) მ. ჭ.-ს გამართლების ნაწილში კანონიერი და დასაბუთებული იყო, რის გამოც ამ ნაწილში დატოვა უცვლელად.

რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს და მეორე დაზარალებულს, პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. ჭ. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულ ხ. ზ.-ის ფულად თანხას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi