უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 18/06/2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით (საქმე №ბს-348-345(კ-11)).

საკასაციო სასამართლომ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქათველოს კანონის საფუძველზე განმარტა, რომ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ზოგადი წესის მიხედვით, სამინისტრო დევნილის სტატუსის მაძიებლის, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. თუმცა, საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ითვალისწინებდა გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, ამ კანონის პირველ მუხლში განსაზღვრული მიზეზების გამო მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს დევნილის სტატუსის მინიჭება ხდებოდა დაუყოვნებლივ.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორი მხარის პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ნორმა გულისხმობდა სამინისტროს ვალდებულებას იძულებით გადაადგილებულ პირისათვის დევნილის სტატუსი მიენიჭებინა ავტომატურად, მისი მხრიდან ყოველგვარი ნების გამოვლენის გარეშე.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანების მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ პირს დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით უნდა მიემართა სამინისტროს ან მისი ტერიტორიულ ორგანოსათვის. განცხადებელს განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში დევნილად ცნობის საფუძვლებთან დაკავშირებით შეიძლება ჩატარებოდა გასაუბრება.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა აწესრიგებდა დევნილის სტატუსის მინიჭების ზოგად პროცედურას. ამავე ბრძანების მე-3 მუხლი კი არსებითად გამომდინარეობდა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტიდან და განსაზღვრავდა, რომ მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს დევნილის სტატუსის მინიჭება ხდებოდა დაუყოვნებლივ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირთან გასაუბრების საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა გულისხმობდა დევნილის სტატუსის არა ავტომატურ რეჟიმში, არამედ იძულებით გადაადგილებული პირის მხრიდან ნების გამოვლენის შემთხვევაში, პირადობის მოწმობისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე შემჭიდროვებულ ვადაში მინიჭებას.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi