უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 05/06/2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საჯარო აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გადასვლასთან დაკავშირებით (საქმე №ბს-34-34(3კ-12)).

მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა საჯარო აუქციონზე მოსარჩელის – მ. კ-ის მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გადასვლის კანონიერების დადგენა, კერძოდ, 2004 წლის საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლში 2010 წლის 23 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ვრცელდებოდა თუ არა ფიზიკურ პირებზე.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2004 წლის საგადასახადო კოდექსის თავდაპირველივე რედაქცია განსაზღვრავდა ქონების გაყიდვის/გადაცემის დროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების საკითხს, კერძოდ, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდებოდა ან რაიმე გზით გადაეცემოდა სხვა მფლობელს სახელმწიფოს მიერ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდებოდა ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ. ნებისმიერ სხვა გირავნობის/იპოთეკის უფლებას ექნებოდა უმცირესი ძალა იმ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მიმართ, რომელიც არსებობდა გაყიდვამდე ან გადაცემამდე.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2004 წლის საგადასახადო კოდექსში 2010 წლის 23 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა კონკრეტული იურიდიული პირების წრე, რომელთა მიმართაც საგადასახადო კანონმდებლობამ, ქონების გასხვისების დროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გადასვლასთან დაკავშირებით, განსხვავებული რეგულირება შემოიღო. კერძოდ, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრა, რომ თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდებოდა ან რაიმე სხვა გზით გადაეცემოდა სხვა მფლობელს, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდებოდა ამ ქონებაზე, გარდა ამ მუხლის მე-51 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება შეეხო – კომერცილ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, საერთაშორისო და ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები გავლენას არ ახდენდნენ ფიზიკურ პირებზე, ვინაიდან, საგადასახადო კანონმდებლობა ფიზიკურ პირებთან მიმართებაში აღნიშნულ ცვლილებებამდე ისედაც ითვალისწინებდა ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გადასვლას ახალი მფლობელის მიმართ.

ამასთან, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი და საგადასახადო კოდექსი სადავო საკითხის მიმართ შესაბამისობაში იყო მოსული, ვინაიდან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი დაზუსტდა და მითითება გაკეთდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაზე.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi