უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 29/05/2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა უნებართვო მშენებლობისთვის დაჯარიმებასთან დაკავშირებით (საქმე №ბს-391-386(3კ-12)).

მოსარჩელის ნ. ი-ს განმარტებით, მან მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან მიიღო მითითება, რომლის მიხედვით დაფიქსირებული იყო სამართალდარღვევა, კერძოდ, ადგილი ჰქონდა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციას. მოსარჩელის განმარტებით, იგი უნებართვო მშენებლობისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდა. მოსარჩელე მიუთითებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნაზე, რომლის საფუძველზეც ამტკიცებდა, რომ მას აღნიშნული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდიდა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტს, იმ გარემოებას, რომ მას სამშენებლო სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ვინაიდან, ქ. თბილისში, ... ქ. №20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი თავისი მახასიათებლებით მიეკუთვნებოდა I კლასის შენობა-ნაგებობას, რომლის რეკონსტრუქციასაც მშენებლობის ნებართვა არ ესაჭიროებოდა.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ 2008 წლის აგვისტოში განახორციელა სადავო რეკონსტრუქცია, ამ დროს კანონი I კლასის შენობა-ნაგებობისათვის არც ნებართვის არსებობას საჭიროებდა და არც ადმინისტრაციული ორგანოსთვის მშენებლობის შეტყობინების ვალდებულებას ადგენდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელეს მშენებლობა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ექნებოდა განხორციელებული, სახეზე არ იქნებოდა მის მიერ სამშენებლო კანონმდებლობის დარღვევა, ვინაიდან, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ არაერთგზის მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს იმ მოტივით, რომ კანონის შესაბამისად განეხორციელებინა სადავო რეკონსტრუქცია. ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სადავო რეკონსტრუქციის განხორციელებისას არ ჰქონდა დარღვეული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებით განსაზღვრული წესი.

საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულიყო სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა ყოფილიყო სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული იყო პირის - როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება. საკასაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ნ. ი-ს სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგო იქნებოდა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა ყოფილიყო ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ). საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო მშენებლობის განხორციელებისას კანონმდებლობა ნ. ი-ს არათუ მშენებლობის ნებართვის, არამედ, სათანადო ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულებასაც კი არ აკისრებდა, ხოლო აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელემ მაინც მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და მისგან შესაბამისი რეაგირება ითხოვა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები გამორიცხავდა ნ. ი-ს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენას, ვინაიდან, სახეზე არ იყო სამართალდარღვევის შემადგენლობა - მოსარჩელის ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რაც თავის მხრივ საფუძველს აცლიდა მის დაჯარიმებას.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi