უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 25/04/2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობიდან საერთო საკუთრების გამოთხოვის საფუძვლებისა და ამ საკითხზე ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების თაობაზე (საქმე №ას-1098-1029-2012).

მოცემულ საქმეზე დადგენილი იყო დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს „კ“ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ-ს“ წევრია და 1996 წლიდან ინდივიდუალურად ფლობს ამხანაგობის კუთვნილ არასაცხოვრებელ ფართს სარდაფთან ერთად. ამხანაგობის თავმჯდომარე მ. დ-მ სარჩელი აღძრა ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონების შპს „კ-ს“ მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, თუ ამხანაგობის წევრი ამხანაგობის საერთო საკუთრებას „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ანუ 2007 წლის 1 აგვისტომდე ფლობდა, საჭიროა ამხანაგობის კრების მოწვევა არსებული მდგომარეობის დასაფიქსირებლად. კრება ამგვარ მფლობელობას ან ლეგიტიმურად ცნობს, ან მიიღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის წვერის მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შესახებ. მხოლოდ ამგვარი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი, ამხანაგობის წევრს სამეურნეო სათავსის მფლობელობა შეუწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიერ ფართის ფლობა არამართლზომიერად ვერ ჩაითვლება. მფლობელობის მართლზომიერების საკითხს ამხანაგობის წევრები წყვეტენ და მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წარმოიშობა ამხანაგობის წევრის მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის მოთხოვნის უფლება. ამხანაგობის წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კი პირი ქონების არამართლზომიერ მფლობელად ვერ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი ამომწურავადაა ჩამოთვლილი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლში. მართალია, ამხანაგობის თავმჯდომარე სასამართლოში ამხანაგობის სახელით გამოდის, მაგრამ, მითითებული მუხლიდან გამომდინარე, იგი არ განკარგავს ამხანაგობის საერთო ქონებას, არ იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის კუთვნილი ქონების მფლობელობაში გადაცემის ან გამოთხოვის შესახებ. ამ შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარე უზრუნველყოფს კრების გადაწყვეტილების შესრულებას და იგი უფლებამოსილია, მსგავსი საკითხების გადასაწყვეტად ამხანაგობის წევრთა კრება მოიწვიოს, მაგრამ არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით სასამართლოში სარჩელი აღძრას. ამხანაგობის თავმჯდომარის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ კრების გადაწყვეტილების არსებობის პირობებში იძენს.
ვინაიდან მოცემულ საქმეზე არ არსებობდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ-ს“ წევრების გადაწყვეტილება სადავო ფართზე შპს „კ-ს“ მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. დ-ს სარჩელი უსაფუძვლო იყო.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi