უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 13/03/2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე (საქმე Nას-1156-1176-2011).

აღნიშნული სამოქალაქო საქმე ეხებოდა ნ. ს-ძის სარჩელს, რომლითაც იგი მოპასუხისგან მოითხოვდა ხანძრის შედეგად ქონების განადგურებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურებას.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაზე ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული ურთიერთობის თავისებურების გათვალსიწინებით, არ არსებობდა მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული საფუძველი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. 

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა - ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევაში.

ქედან გამომდინარე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებული ფსიქოემოციური სტრესი და ხანძრის გამო გამოწვეული ისეთი უარყოფითი ფაქტორები, როგორიცაა უბინაობა, გაუთვალისწინებელი ვალები და ამ ფაქტორებით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესება, არ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმის მოქმედება უნდა გაგვევრცელებინა ნებისმიერი ქონებრივი ვალდებულების დარღვევისას განცდილი სულიერი ტანჯვის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის გაუარსებაზე, რაც ყოვლად დაუშვებელია.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi