ინფორმაცია რეკომენდაციების შესახებ...

logo

ინფორმაცია რეკომენდაციების შესახებ სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩაწერის გამოყენებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია: 04/01/2013

2005 წლიდან სასამართლო რეფორმის ფარგლებში საქართველოს სასამართლო ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების კუთხით. ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, რამაც საკმაოდ წარმატებული შედეგები მოიტანა სწრაფი, ეფექტური, გამჭვირვალე და სამართლიანი მართლმსაჯულების შექმნის პროცესში.

ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების ფარგლებში ამჯერად დღის წესრიგში დადგა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული დასაბუთების სტანდარტის სრულყოფის საკითხი. აღნიშნულის აუცილებლობა ასევე დაადასტურეს ამ ბოლო დროს პრაქტიკაში წარმოშობილმა პრობლემებმა.

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის გარკვეული სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. 

ამასთან, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა უნდა ემყარებოდეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, კონსპირაციის, ღია და ფარული მეთოდების შეხამების პრინციპებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს (საჯარო მოსამსახურის) მიერ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

კანონის აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული დასაბუთების სტანდარტი მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს. 

ამ მიზნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სასამართლო სისტემის სამივე ინსტანციის მოსამართლეთა მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა და გაანალიზა არსებული სასამართლო პრაქტიკა, ასევე გაეცნო ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს, აშშ-ის, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიისა და სხვა სახელმწიფოთა სასამართლო პრაქტიკას. ყოველივე აღნიშნულის განზოგადების შედეგად მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების (სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა) გამოყენების განხორციელებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული რეკომენდაციებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების (სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა) პირველადი გამოყენებისათვის განისაზღვრა 4 სტანდარტი: 

1. იდენტიფიცირების სტანდარტი, რომლის მიხედვით, როგორც წესი, სავალდებულოა იდენტიფიცირებული იქნეს პირი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი), რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. 

2. დანაშაულთან კავშირის სტანდარტი, ანუ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ასაბუთებდეს იმ პირის კავშირს კონკრეტულ დანაშაულთან ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს ოპერატიული ღონისძიება. 

3. სარგებლობის სტანდარტი, რომლის თანახმად, წარმოდგენილ უნდა იქნეს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს: 1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გამოყენების ობიექტის (მობილური ტელეფონის ნომერი ან სხვა საშუალება) სარგებლობას იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და 2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გამოყენების ობიექტის (მობილური ტელეფონის ნომერი ან სხვა საშუალება) კუთვნილებას (თუ ვისზეა იგი რეგისტრირებული). 

4. ვადის სტანდარტი, ანუ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად მოთხოვნილი ვადა უნდა იყოს დასაბუთებული და გონივრული ამ ღონისძიების მიზნების მისაღწევად. სასამართლოს მიერ ღონისძიების ჩატარების ვადა პირველ ჯერზე უნდა განისაზღვროს 1 თვით, რაც გონივრული ვადაა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, თუმცა განსაკუთრებულ გამონაკლის შემთხვევებში იგი შეიძლება განხორციელდეს უფრო მეტი ვადითაც, თუ ამის საჭიროება გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილი რეკომენდაციებით ასევე განისაზღვრა როგორც სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის გაგრძელების, ისე მისი კანონიერად ცნობის (გადაუდებელი აუცილებლობის გამო) სტანდარტი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi