უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 25/10/2012


საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სააღსრულებო საფასურის დაკისრებასთან დაკავშირებით (საქმე #ბს-818-812(კ-11)).

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა შპს «...» სარჩელს, რომლითაც მან მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქმედების უკანონოდ აღიარება, საინკასო დავალების გაუქმება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის შპს «...» სასარგებლოდ უდავო წესით ჩამოწერილი 7292,40 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.06.2008წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს «...» სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების 118 000 ლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 540 ლარის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.06.2008წ. გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო პროცედურა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილით შპს «...» მიეცა წინადადება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. წინადადება 08.09.2010წ. ჩაბარდა შპს «...», რომელსაც განემარტა, რომ ნებაყოფლობით შესრულებისთვის დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, მას დაეკისრებოდა აღსრულების საფასურის სრული ოდენობა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%, ხოლო ნებაყოფლობით შესრულებისთვის დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების შესრულების შემთხვევაში - მხოლოდ საფასურის კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი ნაწილი _ მოთხოვნის 1 % (1215,40 ლარი). შპს «...» მიერ 14.09.2010წ., ანუ კანონით დადგენილ შვიდდღიან ვადაში, თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გადაირიცხა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა – 118 000 ლარს დამატებული სახელმწიფო ბაჟის თანხა – 3 540 ლარი, ჯამში _ 121 540 ლარი. რაც შეეხება აღსრულების ხარჯს - 1215,40 ლარს, აღნიშნული თანხა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე 21.09.2010წ. გადაირიცხა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 21.09.2010წ. საინკასო დავალებით შპს «...» უდავო წესით ჩამოეწერა 7292,40 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლომ არ იქონია მსჯელობა აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობაზე. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია თუ რატომ უნდა გავრცელებულიყო აღსრულების საფასურის 7%-იანი განაკვეთი გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ წინადადების ნებაყოფლობითი შესრულებისათვის კანონით დადგენილ ვადაში გადახდილ თანხაზეც.

საკასაციო პალატამ მხედველობაში მიიღო აგრეთვე ის გარემოება, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრებოდა მოვალეს, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30.07.10წ. #144 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის თანახმად, აღსრულების ხარჯი პირველ რიგში იმ შემთხვევაში იფარებოდა, უკეთუ მოთხოვნა არასრულად ან ეტაპობრივად იყო დაკმაყოფილებული, ხოლო შემდეგ იფარებოდა აღსრულების საფასური და აღსასრულებელი მოთხოვნა ამოღებული თანხის პროპორციულად. განსახილველ შემთხვევაში აღსასრულებელი თანხა დადგენილ ვადაში იყო გადახდილი.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღსრულების საფასური საგადასახადო კოდექსის, ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” კანონის, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მიხედვით არ წარმოადგენდა გადასახადს, მოსაკრებელს ან სახელმწიფო ბაჟს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით გათვალისწინებული აღსრულების საფასურის 7%-იანი განაკვეთი თავისი არსით ატარებდა არა უფლებააღდგენითი სანქციის ხასიათს, რომლითაც ხდება მოვალის მიერ აღსრულების ხარჯების იძულებითი ანაზღაურების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, არამედ მოვალის მიმართ გამოყენებული საჯარიმო ხასიათის სანქციას, რომლითაც დამატებითი გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა მოვალეს, ამ ვალდებულებას იწვევს მოვალის მიერ სააღსრულებო წესების დარღვევა.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალის მიერ ნებაყოფლობით დადგენილ ვადაში იქნა შესრულებული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა, შესაბამისად სახეზე არ იყო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რომლის თანახმადაც მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარებოდა საფასური ამოღებული თახნის პროპორციულად, ხოლო შემდეგ-აღსასრულებელი მოთხოვნა. წინადადება შპს «...» ჩაბარდა 08.09.2010წ., აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეიცავდა მითითებას, რომ თუ მოვალე დადგენილ ვადაში შეასრულებდა გადაწყვეტილებას მას ეკისრებოდა მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის – მოთხოვნის 1%, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალეს დაეკისრებოდა აღსასრულებელი საფასურის სრული ოდენობა – აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. ვინაიდან მოთხოვნა, რომლის გადახდაც წარედგინა მოვალეს შედგებოდა აღსასრულებელი მოთხოვნისაგან და სააღსრულებო საფასურისაგან, ამასთანავე 7-დღიან ვადაში მოვალის მიერ ნებაყოფლობით გადახდილ იქნა მხოლოდ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა (121 540ლ.), ხოლო მოთხოვნის 1% გადახდილ იქნა მოგვიანებით, აღნიშნული თანხის გადახდა განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ იძლეოდა მხოლოდ გადახდილი საფასურის – 1215 ლარისა და 40 თეთრის 7%-ის მოვალეზე დაკისრების შესაძლებლობას.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi