უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 18/10/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა დისკრეციულ უფლებასთან დაკავშირებით (საქმე 1655-1627(კ-11)).

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა ზ. ტ-ის სარჩელს, რომლითაც მან მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 20.12.10წ. #11419/21-18 საბაჟო შეტყობინების, შემოსავლების სამსახურის 31.01.11წ. #258 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.11წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, 30.11.10წ. საბაჟო გამშვები პუნქტის _ ,,სადახლოს” ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,MERCEDES”-ის მარკის მცირე სატვირთო ავტომანქანა, რომლის დათვალიერებისას ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი _ 400 კგ ყურძენი. სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის მიერ 30.11.10წ. ზ. ტ-ის მიმართ, საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი #012257. სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის მიერ 20.12.10წ. გამოცემულ იქნა საბაჟო შეტყობინება #11419/21-18 და საბაჟო შეტყობინების წერილობითი დასაბუთება, რომლითაც ზ. ტ-ეს სანქციის სახით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება ,,MERCEDES”-ის მარკის მცირე სატვირთო ავტომანქანა. სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის საბაჟო შეტყობინება მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.01.11წ. #258 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.11წ. #258 ბრძანება ზ. ტ-ემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 14.03.11წ. გადაწყვეტილებით საჩივარი სანქციის შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის განმარტებით, ავტომანქანა მ. ჩ-ის საკუთრებაა, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული ჰქონდა ზ. ტ-ეს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ არის 60 წლის, უმუშევარი და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ შესწევს უნარი ავტომანქანის მესაკუთრეს შეუძინოს სხვა ავტომანქანა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსარჩელემ ითხოვა სანქციის შეცვლა და ავტომანქანის ჩამორთმევის სანაცვლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების 100%-ის ოდენობით დაჯარიმება.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვეული იყო საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, არ იყო განსაზღვრული კასატორის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა. უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არადეკლარირებული ქონების ოდენობის (ღირებულების) გათვალისწინებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ეძლეოდა სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი, ეწინააღმდეგებოდა სამართლიანობის მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარიმო სანქცია უკავშირდებოდა საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება. ადმინისტრაციულმა ორგანომ სანქციის შეფარდებისას არ იმსჯელა სანქციის სახედ ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენების მართლზომიერებაზე. საქმის მასალების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ზ. ტ-ე არ წარმოადგენდა სამართალდამრღვევის საკუთრებას, ავტომანქანა ზ. ტ-ეს მხოლოდ მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული მესაკუთრის მიერ.

ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებდა გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებდა არა მხოლოდ კანონიერების, არამედ აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხსაც, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას შესაძლებელი იყო ჩანაცვლებოდა ზემდგომი ორგანოს დისკრეცია. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერების შემოწმებისას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო თავადაც იყენებდა დისკრეციულ უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავდა თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა, რათა ადგილი არ ჰქონოდა პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყოლოდა საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. მეორეს მხრივ, დისკრეციული სფეროს არსებობას ობიექტური ფაქტორები განაპირობებდნენ, კანონი სრულად ვერ მოაწესრიგებდა ყველა საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომლებიც განსხვავდებიან ფაქტობრივი შემადგენლობით, სამართლებრივი რეგულირების ფორმებითა და მეთოდებით. ამდენად, დავების საბჭოს მითითება მხოლოდ 242-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებაში საბაჟო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის საკმარის საფუძველს.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა სასამართლოს, როგორც ნორმის შემფარდებელ ორგანოს, ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება წარმოადგენდა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi