ევროპის საბჭოს კომისია საქართველოს...

drosha

ევროპის საბჭოს კომისია საქართველოს სასამართლო სისტემას აფასებს

გამოქვეყნებულია: 28/09/2012

ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტურობის კომისიის 2012 წელს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემას საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და რამდენიმე მონაცემის მიხედვით, იგი პირველ ადგილსაც იკავებს. 

მართლმსაჯულების ეფექტურობის კომისია უკვე 10 წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია შეისწავლოს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში არა მარტო სასამართლოს, არამედ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ინსტიტუტების ( პროკურატურა, პოლიცია, იურიდიული სამსახური) საქმიანობა და გამოაქვეყნოს კომპეტენტური დასკვნა.
აღნიშნული კომისია საკუთარ დასკვნას ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს ორ წელიწადში ერთხელ უგზავნის. 

კომისიის დასკვნაში საქართველოს სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმის შედეგად, ყოველწლიურად გაუმჯობესებული მონაცემები ქვეყნდება. 

კომისიის დასკვნაში დაწვრილებით არის მიმოხილული ყველა ის ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების არსებობას. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად მიჩნეულია საქმეების განხილვის სისწრაფე და შესაბამისად, მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტურობა. ამ მნიშვნელოვანი პარამეტრის გრაფაში საქართველო უსწრებს 35 ქვეყანას და პირველ ადგილს იკავებს. მეტიც, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს სასამართლოებში ყველა კატეგორიის საქმეების შემოსვლის და მათი სწრაფად განხილვის პროცენტული მაჩვენებელი 106 პროცენტითაა გაზრდილი.

კომისია სამართლის ცალკე დარგების მიხედვითაც აკეთებს ანალიზს. 44 პროცენტითაა გაზრდილი პირველ ინსტანციაში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე გადაწყვეტილების მიღებით დასრულებული საქმეების რაოდენობა. ასევე გამოქვეყნებულ დასკვნაში არასასარჩელო წარმოების საქმეების განხილვის სისწრაფის მიხედვით საქართველო მეშვიდე ადგილზეა და მას მხოლოდ ინგლისი, დანია, სასომხეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარია უსწრებს. ევროპის საბჭოს ეფექტურობის კომისიის დასკვნის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქმეთა განხილვის ვადებს. რადგან, როცა მართლმსაჯულების განხორციელება ჭიანურდება, ეს არა მარტო არაეფექტურ მართლმსაჯულებას უტოლდება, არამედ, შესაძლოა, საერთოდ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმადაც ჩაითვალოს. 

განხილვის ვადების გარდა, ასევე კომისიის დასკვნაში ხაზგასმულია სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობის ზრდა. კომისიის დასკვნის თანახმად, 2006-2008 წლებთან შედარებით, 25 პროცენტით გაიზარდა დამთავრებული საქმეების რაოდენობა და ამ მხრივ საქართველოს ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. იგი ცხრილში პორტუგალიის, მაკედონიის და ესტონეთის გვერდითაა.
ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტურობის კომისიის დასკვნის ზოგადი ანალიზის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემა საქმეთა განხილვის სისწრაფის მიხედვით, პირველ ადგილზეა, და ასევე, პარალელურ რეჟიმში, იზრდება სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების რიცხვი, რაც ევროპელი ექსპერტების აზრით, ეროვნული სასამართლო სისტემებისადმი მოსახლეობის გაზრდილ ნდობაზე მიუთითებს.

იხილეთ ცხრილი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi