უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 24/09/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით (საქმე #ბს-1153-1142(კ-11)).

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა მ. ც-ის სარჩელს, რომლითაც მან ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, 2009-2010წწ. საცხოვრებელ სახლთან, საბოსტნე ნაკვეთის მიმდებარედ აშენდა 5 ავტოფარეხი, რის შემდეგაც თვითონაც გადაწყვიტა ავტოფარეხის აშენება. მშენებლობის დასაწყებად მიიღო ბ.მ.ა. ,,...ის” საერთო კრების თანხმობა. მშენებლობის დასაწყისში, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მუშაკის მიერ გამოიცა მითითება #000048, რომლითაც 7 დღის ვადაში მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა ან ობიექტის დემონტაჟი მოეთხოვა. Aამის შემდეგ მ. ც-მა მიმართა მერიის არქიტექტურის სამსახურს, დაადგინა კორპუსის მიწის წითელი ხაზები, ხოლო 01.07.10წ. შეიტანა განცხადება მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დასტურის მისაღებად. პასუხის მიღებამდე 05.07.10წ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა შეადგინეს #000048 შემოწმების აქტი, რომელშიც დააფიქსირეს მითითების შეუსრულებლობა. 07.07.10წ. არქიტექტურის სამსახურის მიერ გაიცა წერილობითი თანხმობა მშენებლობის გაგრძელების და დასრულების თაობაზე, რომლის ასლი გადაეცა ქ. თბილისის ზედამხედველობის სამსახურს. თანხმობის საფუძველზე მ. ც-მა დაასრულა მშენებლობა. 23.07.10წ. არქიტექტურის სამსახურმა ბათილად ცნო 07.07.10წ. წერილობითი თანხმობა. მოსარჩელის განმარტებით, არქიტექტურის სამსახურისთვის მის მიერ წარდგენილ საკადასტრო გეგმაზე, სიტუაციურ გეგმაზე და სურათებში გარკვევით ჩანდა, რომ ავტოფარეხი იყო მშენებარე. ასევე ამავე სამსახურის 07.07.10წ. წერილობით თანხმობაში აღნიშნული იყო, რომ მ. ც-ი ითხოვდა მშენებარე ავტოფარეხის აშენებას და თავადვე დაადასტურა, რომ მშენებლობის დასრულება შესაძლებელი იყო არსებულ გაბარიტებში. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებით მოსარჩელე დაჯარიმდა 10000 ლარით და დაეკისრა ავტოფარეხის დემონტაჟი. აღნიშნული აქტები მ. ც-მა გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში, რაზეც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 07.07.10წ. წერილობითი დასტური წარმოადგენდა აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭებოდა, მოცემულ შემთხვევაში შენობის დასრულება. აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენდა კანონიერი ნდობა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სახეზე არ იყო სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა აგრეთვე სზაკ-ის 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ავტოფარეხის მიმდინარე მშენებლობის დასრულებაზე თანხმობის გაცემისას კასატორს ნებართვის გამცემი ორგანოსათვის არ დაუმალავს დაწყებული მშენებლობის შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზედამხედველობის სამსახურის მითითების შესაბამისად მ. ც-მა შეაჩერა მშენებლობა, მიმართა განცხადებით უფლებამოსილ ორგანოს, უფლებამოსილი ორგანოსაგან თანხმობის მიღების შემდეგ განაახლა მშენებლობა, მ. ც-მა თანხმობა აღიქვა, როგორც შესაბამისი უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტი და დაასრულა მშენებლობა. არქიტექტურის სამსახურისთვის ცნობილი იყო რა განმცხადებლისაგან მშენებლობის შესახებ, შეეძლო და ვალდებულიც იყო გაერკვია საქმის გარემოებანი, მოეთხოვა ყველა საჭირო დოკუმენტის და ინფორმაციის მიწოდება ან უკიდურეს შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით თავად დაედგინა ნებართვის გაცემისათვის საჭირო გარემოებანი და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 07.07.10წ. თანხმობა, რომლითაც ორგანო განმცხადებელს რთავდა ნებას მშენებლობა დაესრულებინა არსებულ გაბარიტებში, მ. ც-ისათვის წარმოადგენდა საკმარის საფუძველს მიეჩნია, რომ მის მიერ განხორციელდა ყველა საჭირო მოქმედება მიმდინარე მშენებლობის კანონმდებლობის მოთხოვნის ფარგლებში მოსაქცევად, დაინტერესებული პირი ენდობოდა ადმინისტრაციული აქტის სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა – დაასრულა მშენებლობა, აქტის არამართლზომიერება არ შედიოდა მოსარჩელის პასუხისმგებლობის სფეროში. მხედველობაში იყო მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ ზედამხედველობის სამსახურიდან წერილის მიღების შემდეგ თანხმობის გაუქმებამდე ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის შეჩერება არ მოუთხოვია. წერილობითი თანხმობის არ არსებობის შემთხვევაში მ. ც-ი არ შეასრულებდა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებას, დამატებითი ხარჯების გაწევით არ დაასრულებდა მშენებლობას, შესაბამისად სანქციის დაკისრებამდე მოახდენდა დაწყებული ნაგებობის დემონტაჟს, ამდენად, მას არ დაეკისრებოდა შენობის დემონტაჟი და 10 000 ლარის ჯარიმის გადახდა, შესაბამისად, თავიდან აიცდენდა მნიშვნელოვან ზიანს. თავის მხრივ დაინტერესებული პირისათვის ზიანის მიყენება სზაკ-ის 601.5 მუხლის თანახმად იყო კანონიერი ნდობის არსებობის დამადასტურებელი გარემოება.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi