უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 18/09/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რითაც ზღვარი გაავლო თაღლითობისას დანაშაულის მცდელობასა და დამთავრებულ დანაშაულს შორის (იხ. განჩინება №1106აპ-10).

პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტების შესაბამისად, ქურდობის ჩადენის ფაქტზე დააკავეს ივანე და ელგუჯა. აღნიშნულ საქმეზე ასევე იმხილებოდა მათი თანამზრახველი იური. ივანეს მამამ იურის შვილის რჩევით, ხსენებულ ბრალდებულებს ადვოკატად აუყვანა ქ. ვ-ე. ეს უკანასკნელი იურის შვილთან ერთად მივიდა ივანეს მამასთან და აუხსნა, რომ მის შვილს და ელგუჯას ჩადენილი ჰქონდათ ქურდობის მრავალი ეპიზოდი, რის გამოც მათ პროკურატურაში ქრთამის მიცემით საქმე ისე მოაგვარეს, რომ ხსენებულ ბრალდებულებს მხოლოდ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდებოდათ. აღნიშნულის სანაცვლოდ კი მოსთხოვა 5000 აშშ დოლარის გადახდა. ეს პირები შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან საქმეში იურიც იმხილებოდა, საქმის მოსაგვარებლად საჭირო თანხის მესამედი ამ უკანასკნელის შვილს უნდა გადაეხადა, ხოლო დანარჩენი _ ივანეს მამას, რომელმაც ამის შესახებ შეატყობინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და გამოთქვა საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის სურვილი. ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგად დადგინდა, რომ ადვოკატი ქ. ვ-ე კვლავ მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დაზარალებულმა ადვოკატს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი _ 1000 აშშ დოლარი, ამასთან, დაჰპირდა, რომ თანხის დანარჩენ ნაწილს _ 2400 აშშ დოლარს მომდევნო დღეს, დილით, გადასცემდა.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ვერ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია. საკასაციო პალატამ მხედველობაში მიიიღო ის გარემოება, რომ ქ. ვ-თვის გადაცემული თანხა დაზარალებულმა მიიღო სამართალდამცავი ორგანოებისგან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად, რის შედეგადაც ქ. ვ-ე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს.

პალატამ განმარტა, რომ კანონის თანახმად, თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, მთლიანად გამოირიცხა ქ. ვ-ის ქმედებით მისთვის ზიანის მიყენების ანუ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, ვინაიდან დანაშაულის ობიექტის _ დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ შესაბამისი დანაშაულის საგნის _ მისი კუთვნილი თანხის დაუფლების გზით, რისი შესაძლებლობაც კონკრეტულ სიტუაციაში გამორიცხული იყო იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულს თავისი კუთვნილი თანხა არ გადაუცია ქ. ვ-სათვის, როცა ეს უკანასკნელი დააკავეს, _ თანხა, რომელიც ოპერატიული ღონისძიების ჩატარების დროს 10 ცალი 100 აშშ. დოლარიანი კუპიურის სახით გადაეცა მსჯავრდებულს, წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საკუთრებას, რომლის გადაცემის პროცესს მთლიანად აკონტროლებდნენ აღნიშნული ინსპექციის თანამშრომლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია არა დამთავრებული თაღლითობა, არამედ _ თაღლითობის მცდელობა და მისი ქმედება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა სსკ-ის მე-19 მუხლსა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტზე.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi