უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 04/09/2012

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო საქმის განხილვაში ორდერის საფუძველზე მონაწილე ადვოკატის უფლებამოსილების ფარგლებთან ( მოცულობასთან) დაკავშირებით (საქმე №ას-1614-1608-2011 და საქმე №ას-1269-1289-2011)

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მიხედვით, სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატი უფლებამოსილია კლიენტის ინტერესები წარმოადგინოს და დაიცვას როგორც მინდობილობის, ასევე ორდერის საფუძველზე. ამასთან, ორივე შემთხვევაში ადვოკატმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ასევე საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

საკასაციო პალატის განამარტებით, ადვოკატის ორდერი, ისევე როგორც მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ადვოკატს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. მითითებული ნორმის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. დასახელებული ნორმა ადგენს იმ საპროცესო მოქმედებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შესრულების უფლებაც არა აქვს წარმომადგენელს სპეციალური მინდობილობის გარეშე.

პალატის განმარტებით, იმისდა მიუხედავად, თუ რომელი დოკუმენტის (მინდობილობის თუ ორდერის) საფუძველზე ახორციელებს ადვოკატი წარმომადგენლობას, ყველა შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში მითითებულ მოქმედებათა შესრულება მას შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში სპეციალურადაა აღნიშნული ამ მოქმედებათა შესრულებისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. ეს საპროცესო მოქმედებები უკავშირდება მარწმუნებლის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვას და ამიტომ, მათ შესახებ სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მინდობილობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადვოკატს ორდერის საფუძველზე შეუძლია შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, რაც არ არის მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში, და რომელთა შესრულება შეუძლია თვითონ მარწმუნებელს. ცხადია, ადვოკატის მიერ ასეთი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონით გათვალისწინებული, მხარისათვის არასასურველი საპროცესო შედეგის დადგომას.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად (საქმე №ას-1614-1608-2011)
იხილეთ გადაწყვეტილება სრულად (საქმე №ას-1269-1289-2011)

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi