უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 25/06/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის სატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე (საქმე #ას-254-239-2010).
აღნიშნული სამოქალაქო საქმე ეხებოდა ქ. ს-დის სარჩელს, რომლითაც იგი მოპასუხეებისაგან მოითხოვდა მისი კუთვნილი ავტომანქანისათვის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ლ. ნ-ძის კუთვნილი ავტომობილი, რომელსაც მისი თანხმობით, თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე, მართავდა მოპასუხე ვ. ბ-შვილი, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილს და დააზიანა იგი.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხის გარკვევა, თუ ვინ მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალების მფლობელად და რა შემთხვევაში ეკისრება მას პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანისათვის.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), სხვას მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს (არამართლზომიერ მფლობელს) და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა მართლზომიერია და სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვება ზიანი. ასეთ დროს შესაძლებელია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს: კერძოდ, როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ლ. ნ-ძე, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, მიჩნეულ უნდა ყოფილიყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად.
საკასაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლები. პალატამ განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს (სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე) ისე _ სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ქმნის სოლიდარულ ვალდებულებას.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi