უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 20/06/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამართალდარღვევის განმეორებითად მიჩნევასთან დაკავშირებით (საქმე #ბს-903-877(კ-10)).

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა შპს `ა-ოს~ სარჩელს, რომლითაც მან შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული 9500 ლარის ჩამოწერა მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, მას ჩაბარდა თელავის რეგიონალური ცენტრის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც შპს “ა-ო” მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას ახორციელებდა საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე, რითაც მან განმეორებით დაარღვია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები და დაჯარიმდა 10000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, უკანასკნელ ორ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შედგენას შორის დროის ინტერვალი ერთ წელზე მეტი იყო, შესაბამისად, ქმედება არ უნდა ჩათვლილიყო განმეორებითად და ჩადენილი სამართალდარღვევისთვის იგი უნდა დაჯარიმებულიყო არა 10000 ლარით, არამედ 500 ლარით.

საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო აქტების გამოცემისას საგადასახადო ორგანოს მხოლოდ საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმებით უნდა ეხელმძღვანელა და ქმედება, სამართალდარღვევებს შორის დროის ინტერვალის მიუხედავად, განმეორებით ჩადენილად მიეჩნია. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისი რედაქცია ითვალისწინებდა მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესს და მისი დარღვევისათვის დაწესებულ სანქციებს, კოდექსი არ განსაზღვრავდა ვადას, რომლის განმავლობაშიც ქმედება ჩაითვლებოდა განმეორებითად ჩადენილად და პირი საგადასახადო სახდელდაუდებლად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული რეგულაციის არ არსებობა არ ნიშნავდა სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენილად მიჩნევისათვის განვლილი დროის ფაქტორის, სამართალდარღვევებს შორის დროის ინტერვალის საერთოდ გამორიცხვას. განვლილი დროის პერიოდს მნიშვნელობა ჰქონდა პირთა უფლება-ვალდებულებებზე.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებდა სპეციალურ მოწესრიგებას, საგადასახადო ორგანოს, საგადასახადო კოდექსის ნორმებთან ერთად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები უნდა გაეთვალისწინებინა. უზენაესი სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლი ადგენდა ქმედების განმეორებითობის პერიოდს, ხსენებული მუხლის შენიშვნის თანახმად სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლებოდა, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენდა ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. საკასაციო პალატამ, ბოლო სამართალდარღვევებს შორის დროის ინტერვალის ხანგრძლივობა ქმედების არაერთგზისობის გამომრიცხავ გარემოებად მიიჩნია და ჩათვალა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაზრდილი საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველი.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi