უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 13/06/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა დავის მხარეების იდენტურობასთან დაკავშირებით (საქმე #ბს-482-461(კ-08) და საქმე #ბს-1058-1016(2კს-09)).

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელს, რომლითაც მან ბინის პრივატიზების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 19.02.82წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაიცა ბინის ორდერი ვ. Pპ-ვის სასარგებლოდ, რომელმაც მოახდინა საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისი, ..., მე-2 მ/რ, მე-2 კვ., კორპ. #5, ბინა #22 პრივატიზაცია. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება დადებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან 08.12.90წ. სსრ კავშირის დაშლასთან ერთად იურიდიულად გაუქმდა სსრკ თავდაცვის სამინისტრო, ასევე მის სისტემაში შემავალი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი. შესაბამისად, სსრკ თავდაცვის სამინისტროს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი და მისი საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის სახლმმართველობა არ წარმოადგენდა სამართლის სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს სახელით, საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი ქონების პრივატიზაციის განხორციელებაზე იყო უფლებამოსილი.

უზენაესმა სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 15.03.2000წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისში, ... მე-2 კვ., მე-5 კორპუსი, ბინა #22, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 15.01.01წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოსა (14.05.03წ.) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს (20.02.04წ.) განჩინებებით. ხსენებული სასამართლო აქტებით სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად. სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ თავდაცვის სამინისტროს თავისი უფლების დარღვევის შესახებ სადავო ბინის პრივატიზების ხელშეკრულების დადებისთანავე (17.12.92წ.) უნდა შეეტყო.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 17.12.92წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ მოთხოვნის მსგავსი იყო, რომელზედაც არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტები. საკასაციო პალატის განმარტებით, ორივე შემთხვევაში მოსარჩელეთა სამართლებრივ მიზანს, ინტერესს წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების უკან დაბრუნება, ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში სადავო საცხოვრებელი ბინა აღმოჩნდებოდა არა რომელიმე სამინისტროს, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში, ორივე შემთხვევაში სამინისტროები მოქმედებდნენ სახელმწიფოს ინტერესებში, საჯარო დაწესებულებას თავისი ინტერესი არ ჰქონდა, იგი იცავდა სახელმწიფო ინტერესს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამინისტროები იქმნებოდა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით. `საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ~ კანონის თანახმად, სამინისტრო წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელ ორგანოს, რომელიც განსაზღვრულ სფეროში უზრუნველყოფდა სახელმწიფო მმართველობას. სამინისტრო არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო სახელმწიფო, რომელიც სკ-ის 24-ე მუხლის მიხედვით, სამართალურთიერთობებში მონაწილეობდა მისი ორგანოების მეშვეობით. ამდენად, ორივე შემთხვევაში საქართველოს თავდაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფოს სახელით მოქმედებდნენ.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სხვადასხვა სამინისტროებს განსხვავებული უფლებები და მოვალეობები აქვთ, რომლებიც ერთმანეთისაგან როგორც შინაარსით, ისე მოცულობით განსხვავდებიან. კომპეტენციების სრული დამთხვევა ზოგადი წესების მიხედვით არ უნდა ხდებოდეს, შესაბამისად, სამინისტროების კომპეტენციების სხვაობა განაპირობებდა უფლება-მოვალეობების მოცულობასა და შინაარს შორის სხვაობას, რაც თავისთავად გულისხმობდა თითოეული მათგანის დამოუკიდებელ საპროცესო სტატუსს. საკასაციო პალატის განმარტებით, მართალია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მათი კომპეტენციები სადავო უძრავი ქონების მიმართ იდენტური იყო. საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რიგი ნორმატიული აქტების საფუძველზე სამხედრო ობიექტები და მათ ბალანსზე რიცხული სოციალური და კულტურული დანიშნულების ობიექტები, ძირითადი ფონდები გადავიდა საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. საქმის მასალების მიხედვით, კი ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო ქონების მესაკუთრეს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მრავალმხრივი რეფორმების გატარების პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის კომპეტენცია გარკვეული დინამიურობით ხასიათდებოდა, ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის კომპეტენციის გადანაწილება არ იწვევდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტით გადაწყვეტილი საკითხის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას. სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული შედეგი დამოკიდებული ვერ იქნებოდა დავის საგნის _ უძრავი ქონების მიმართ სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილების გადანაწილებაზე, რადგან ამგვარი მიდგომა შედეგად გამოიწვევდა პერმანენტული სამართლებრივი გაურკვევლობის მდგომარეობას, ერთიდაიგივე დავის რამოდენიმეჯერ განხილვას. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ფაქტობრივად უტოლდებოდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების კანონიერების და დასაბუთებულობის კიდევ ერთი, დამატებითი პროცედურის დაშვებას, სასამართლო აქტების გადასინჯვის დადგენილი პროცედურის შეცვლას.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi