უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 06/06/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ვალდებულების შესრულების და ხელშეკრულების მოქმედების ვადების გამიჯვნასთან დაკავშირებით (საქმე #ბს-1034-992(კ-09)).

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა შპს "გ-ას" სარჩელს, რომლის თანახმადაც, მოსარჩელესა (პურის სპეციალური მაღაზია ...-ის შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილი დროებითი ამხანაგობა, რომელიც შემდგომში შპს ,,გ-ად” ჩამოყალიბდა) და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტს შორის დადებული იყო მაღაზიის იჯარის ხელშეკრულება გამოსყიდვის პირობით, 10 წლის ვადით. მოსარჩელის განმარტებით, საიჯარო თანხის სრულად დაფარვის შემდეგ, მან მიმართა თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მოთხოვნით, თუმცა უარი ეთქვა საიჯარო თანხების დაგვიანებით გადახდის გამო.

უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში არ იყო გამიჯნული ვალდებულების შესრულების და ხელშეკრულების მოქმედების ვადები. უზენაესმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ თანხის გადახდის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით პრეტენზიის წარუდგენლობის გამო, მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევა ვერ მიიჩნეოდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტილად ცნობის და ვალდებულების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლად.

საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დავა ეხებოდა არა სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობას ან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელშეკრულების მოშლას, არამედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებას, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელის მიერ იჯარით აღებული ქონების გამოუსყიდველობას.

უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებული იყო, თუ მოვალე საკუთარი ბრალით არ შეასრულებდა თავის ვალდებულებას სათანადო დროს. ვადა წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების აუცილებელ ელემენტს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულება მხარეებს შორის ათი წლის ვადით დაიდო, იმავე დღეს მეიჯარეს და მოიჯარეს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. მაშასადამე მეიჯარემ – ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტმა დროულად შეასრულა თავისი ვალდებულება. ვადა ხელშეკრულებაში ზუსტად, კონკრეტული ვადით (2007 წლის 26 ივნისამდე) იყო განსაზღვრული. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სახეზე იყო ხელშეკრულების დასრულების თარიღი, იგი აღმკვეთი ხასიათის იყო, ხოლო აღმკვეთი ვადა სპობდა უფლება-მოვალეობას, რადგან ამ ვადის ამოწურვასთან ერთად ილეოდა მხარეთა უფლება-მოვალეობის შესრულების ვადა. ვადაგანსაზღვრულ ხელშეკრულებებში, ვადა გადაცილებულად ითვლებოდა თავისთავად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომის მომენტიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე სამინისტროს ევალებოდა გამაფრთხილებელი მოქმედებების შესრულება. უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ დამატებითი ვადის დანიშვნა არ შეადგენდა კრედიტორის ვალდებულებას, რადგანაც გამოკვეთილად და ნათლად განსაზღვრული დღე თავისთავად აღარ საჭიროებდა შეხსენებას ("დრო აფრთხილებს ადამიანის მაგივრად"). საკასაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულებისათვის წინასწარ იყო შეთანხმებული გარკვეული დღე, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის არ იყო საჭირო შეხსენება, ასეთ შემთხვევაში შეხსენება კრედიტორის უფლებას და არა მოვალეობას წარმოადგენდა.

საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდებოდა გამოსყიდვის უფლების გახანგრძლივებას, გამოსყიდვის უფლება კი, რომელიც შრომით კოლექტივს, პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით კონკურსის გარეშე მიენიჭა, განეკუთვნებოდა საჯარო მოწესრიგების სფეროს, გამოსყიდვისათვის საჭირო იყო საჯარო ნებართვა, მოცემულ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა როგორც საჯარო სამართლის სუბიექტი, შესაბამისად იგი მოქმედებდა მხოლოდ იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომლებიც პირდაპირ იყო კანონით განსაზღვრული. კანონმდებლობა უძრავი ქონების გამოსყიდვას ითვალისწინებდა მხოლოდ დროის განსაზღვრულ ვადაში, გამოსყიდვის მაქსიმალური პერიოდი შეადგენდა 10 წელს, სწორედ ეს მაქსიმალური ვადა იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებაში, მიუხედავად ამისა მხარემ დადგენილ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მიხედვით მყიდველს ცალმხრივად მიენიჭა უფლება შეეძინა უძრავი ქონება განსაზღვრულ დრომდე (შესყიდვის ოფცია), სახეზე იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება, რომლითაც ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთ მხარეს, ხელშეკრულებით დათქმული პირობებიდან გამომდინარე, ეძლეოდა შესაძლებლობა განეხორციელებინა ნაკისრი ვალდებულება და შეეძინა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე ან უარი ეთქვა მის შესრულებაზე. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ოფცია წარმოადგენდა უფლებას და არა ვალდებულებას, დათქმული ვადის გასვლის შემდეგ ნივთის მესაკუთრეს ეხსნებოდა შემსყიდველისათვის ქონების მიყიდვის ვალდებულება. იჯარა-გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო ქონების განკარგვა სახელმწიფოს ფართო დისკრეციის სფეროს განეკუთვნებოდა. სახელმწიფოს, სხვა ნებისმიერი მესაკუთრის მსგავსად, არ ეკისრებოდა საკუთარი ქონების განკარგვის ზოგადი ვალდებულება.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi