უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 30/05/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადებასთან დაკავშირებით (საქმე #ბს-201-195 (კ-09)).

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა თ. ს-შვილის სარჩელს, რომლითაც მან თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების 25-ე პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. თ. ს-შვილის განცხადებით, სადავო დადგენილების 25-ე პუნქტით ლ. ვ-შვილს დაუმაგრდა მოსარჩელის სახელზე, ... ქ. #2-ში რიცხული 2003 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 400 კვ.მ მიწის ფართი და სახლთმფლობელობის ნაწილი. მოსარჩელის განცხადებით, არაპირდაპირი მფლობელისათვის მიწის ნაკვეთის ნაწილის და სახლთმფლობელობის გადაცემით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს.

საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების საფუძველზე ლ. ვ-შვილმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, მოიპოვა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. თუმცა, საკასაციო სასამართლომ აქვე განმარტა, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენდა სადავო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელება – სახლთმფლობელობის საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე რეგისტრაცია, აღმჭურველი აქტის მიმართ აქტის ადრესატის მხრივ კანონიერი ნდობის არსებობა (სზაკ-ის 601 მუხ.).

საკასაციო სასამართლომ დაუსაბუთებელად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო აქტის გაუქმება გამორიცხული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესის გამო. ხსენებული ნორმის თანახმად `არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა~. საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ სზაკ-ის 218-ე მუხლით კოდექსის ძალაში შესვლამდე გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის წინაპირობების შეკვეცა არ გამორიცხავდა სასამართლოს მხრიდან სადავო აქტის მისი გამოცემის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობაზე მსჯელობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციული აქტი, როგორც გენერალური მოწესრიგების, სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს მიუხედავად აქტის აღმჭურველი თუ ამკრძალავი ხასიათისა, რამდენადაც ერთი პირისათვის აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლოა მესამე პირების უფლებების შეზღუდვა. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტი შეიცავდა როგორც აღმჭურველ, ასევე შემზღუდავ ნაწილს. უკანასკნელი კი ყოველთვის საჭიროებდა საკანონმდებლო საფუძველს. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სზაკ-ის 218-ე მუხლის მოქმედება ვრცელდებოდა იმ შემთხვევებზე, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ზღუდავდა მესამე პირის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, სწორედ ასეთი აქტების მიმართ ხსენებული მუხლი აღიქმებოდა ერთგვარ `ამნისტიად~ და სახელდობრ ასეთი აქტების მიმართ იყო მუხლში გათვალისწინებული საგამონაკლისო წესები.

უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, სზაკ-ის 218-ე მუხლი არ ვრცელდებოდა ისეთი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, რომლებიც ზღუდავდნენ მესამე პირების უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ანუ თუ სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა შეუძლებელი იყო მოცემული აღმჭურველი აქტის გაუქმების გარეშე.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სზაკ-ის 218-ე მუხლი ვერ იქნებოდა მიჩნეული სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვის ნებართვად, ამგვარი მიდგომა მოკლებული იყო რაიმე სამართლებრივ საფუძვლებს, აშკარად უპირისპირებდა ხსენებულ ნორმას იერარქიით ზემდგომ, კერძოდ კონსტიტუციურ ნორმებს, ფაქტობრივად უტოლდებოდა სასამართლოს უფლებაზე უარის თქმას, რომელიც თავისი არსით ყველა სხვა უფლების გარანტიას წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ თ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადასცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi