უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 16/05/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელი სუბიექტის უფლებამონაცვლედ მიჩნევასთან დაკავშირებით (საქმე #ბს-787-761 (კ-10)).

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა გ. ც-ძის სარჩელს, რომლითაც მან ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის მიწერილობისა და დადგენილებების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამ აქტებით, მოსარჩელე დაჯარიმდა 2000 ლარით საცხოვრებელ სახლზე მესამე სართულისა და დამხმარე ნაგებობაზე მეორე სართულის ნებართვის გარეშე დაშენებისათვის, აგრეთვე 500 ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის.

გ. ც-ძის გარდაცვალების გამო საქმის წარმოება შეჩერდა და მის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო მისი მეუღლე ნ. ნ-ძე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ც-ძის უფლებამონაცვლეს ნ. ნ-ძეს რაიმე სამშენებლო სამართალდარღვევა არ ჰქონდა ჩადენილი, მას არ მოუხდენია ნებართვის გარეშე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის და დამხმარე ნაგებობაზე მეორე სართულის დაშენება, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მის მიმართ არ გამოწერილა მიწერილობა. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში სამართალდარღვევისათვის პასუხიმგებლობა დგება მხოლოდ იმ სუბიექტის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ვინაიდან სადავო აქტი შედგენილი იყო კონკრეტული პირის – გ. ც-ძის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის გამო, რომელიც გარდაიცვალა, სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო სამართალურთიერთობაში აწგარდაცვლილ გ. ც-ძის უფლებამონაცვლედ ვერ იქნებოდა მიჩნეული კასატორი ნ. ნ-ძე.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე აწგარდაცვლილი მოსარჩელის გ. ც-ძის მემკვიდრე ნ. ნ-ძე არ წარმოადგენდა სადავო სამართალურთიერთობაში გ. ც-ძის უფლებამონაცვლეს, სამშენებლო სამართალდარღვევის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონმდებლობა (საგადასახადო კანონმდებლობისაგან განსხვავებით - სკ-ის 57.4, 8.23 მ.მ.) არ შეიცავდა ასეთი უფლებამონაცვლეობის დამდგენ ნორმას.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ქმედების ჩამდენ პირს, სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის მემკვიდრის უფლებამონაცვლედ მიჩნევა, გარდაცვლილის მიერ არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ჯარიმის გარდაცვლილის მემკვიდრისათვის დაკისრება ეწინააღმდეგებოდა ფუნდამენტურ პრინციპს - სამართალდარღვევისათვის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაუშვებლობას, სხვისი ქმედების გამო პასუხისმგებლობის დაკისრების გამორიცხვას.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi