უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

logo

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 08/05/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტთან დაკავშირებით (საქმე #ბს-724-696(კ-08)).

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა ბ. შ-ას სარჩელს, რომლითაც მან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილობა მოითხოვა. აღნიშნული ოქმით იგი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლით, ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვისათვის.

უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მძღოლი არ იყო 1291 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობდა ნორმის შინაარსიდან, რომლის განმარტების არც ერთი ხერხი (გრამატიკული, ისტორიული, ლოგიკური, სისტემური) არ იძლეოდა ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ "ოპერატორი" ლათინური სიტყვა (operator) იყო და ნიშნავდა პირს, რომელიც რთული მექანიზმების მუშაობას წარმართავს, ანუ სხვადასხვა სახის მანქანაზე ოპერაციების შემსრულებელს. უზენაესმა სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემეობა, რომ 1291 მუხლში 28.04.06წ. კანონით შეტანილი ცვლილების თანახმად, მუხლს დაემატა შენიშვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულების დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ჯარიმა შეიცვლებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით ერთი წლის ვადით (შენიშვნის ეს რედაქცია 23.06.06წ. კანონით შეიცვალა). შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სანქციის გატარება მხოლოდ მძღოლის მიმართ იყო შესაძლებელი, აღნიშნული კი ცხადად ადასტურებდა იმას, რომ კანონმდებელი 1291 მუხლის სუბიექტში მძღოლს გულისხმობდა.

უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მძღოლის უნარ-ჩვევების, საქმიანი ჩვეულებების დონეზე მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით ავტოტრანსპორტის მძღოლის მიერ გაბარიტების და დატვირთვის ზღვრული ნორმის დაცვის ვალდებულების არსებობა და ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგომის შესაძლებლობა, სავსებით ცხადი იყო და არ იწვევდა ეჭვს.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi