საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების...

rherhee

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია თემაზე: „ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება საქართველოში: საზოგადოების დამოკიდებულება და ინფორმირებულობა“

გამოქვეყნებულია: 31/07/2017

2017 წლის  26 ივლისს ევროკავშირისა (EU)  და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით,  გაიმართა საზოგადოებრივი კვლევის შედეგების პრეზენტაცია თემაზე: „ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება საქართველოში:  საზოგადოების დამოკიდებულება და ინფორმირებულობა“.  კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ -„ეი-სი-თიმ“ და ფარავს 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვალმდე პერიოდს. კვლევის ფარგლებში მოსახლეობასთან გამოკითხვას აწარმოებდა 14  ფოკუსური ჯგუფი. ჩატარდა 5000 პირისპირ ინტერვიუ სრულწლოვან მოსახლეობასთან, მათ შორის 29 ჩაღრმავებული ინტერვიუ 4 სამიზნე ჯგუფთან: საჯარო სექტორის, კერძო ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბთ თემის წარმომადგენლებთან.

კვლევა აფასებდა საზოგადოების განწყობას ხელისუფლების ორგანოებისა (მათ შორის სასამართლო სისტემის) და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების (მედიაცია და არბიტრაჟი) მიმართ.

მსგავსი კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 2012 წელსაც, შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, ახალ კვლევაში საზოგადოებრივი განწყობის მაჩვენებელი პარამეტრების ცვლილებასთან დაკავშირებით ვხვდებით შედარებით ანალიზსაც. აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების ანალიზი რიგ შემთხვევებში ცხადყოფს, რომ მოსახლეობის ნდობა სისტემის მიმართ ძლიერდება.

კვლევის ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა სასამართლო სისტემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შეფასებას.  2016 წელს მოსახლეობის 63% აცხადებდა, რომ ისინი „ნაწილობრივ ან მთლიანად ენდობოდნენ“ სასამართლო სისტემას, აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წელს 72%-ს შეადგენდა, ამასთან 2016 წელს მოსახლეობის 27%-ის შეფასებით „არ ენდობოდნენ ან უფრო არ ენდობოდნენ ვიდრე ენდობოდნენ“ სასამართლო სისტემას, ხოლო 2012 წელს მოსახლეობის 28% გამოხატავდა ნეგატიურ განწყობას. აღსანიშნავია, რომ 2016 წლისა და 2012 წლის მონაცემებზე დაყრდნობით კონკრეტულად ვერ შევაფასებთ სასამართლო სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობის რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა თუ შემცირდა, რადგან 2012 წელს რესპოდენტებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა კითხვაზე გაეცათ შემდეგნაირი პასუხი: „ მიჭირს პასუხის გაცემა“.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რესპოდენტების 37% თვლის, რომ სასამართლო სისტემაში ბოლო 5 წლის მანძილზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოსახლეობის 33%-ის შეფასებით მდგომარეობა არ შეცვლილა, კითხვაზე პასუხი არ აქვს 20%-ს, ხოლო რესპოდენტების მხოლოთ 10% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში მდგომარეობა გაუარესდა.

კვლევის თანახმად, რესპოდენტების  37% ფიქრობს, რომ საერთო სასამართლოებში მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ იმის მიხედვით, თუ ვის მხარეზეა სიმართლე, მხოლოდ  9% მიიჩნევს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობის მითითების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მაჩვენებელი გაუმჯობესდა, რადგან 2012 წელს რესპოდენტების 27% მიიჩნევდა, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას მთავრობის მითითებების ზეგავლენის ქვეშ მოექცეოდა.

კვლევის შედეგების ანალიზი ნათლად მიუთითებს, რომ მოსახლეობა საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის არსებობას ნაკლებად ვარაუდობს. კერძოდ,  რესპოდენტების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ სასამართლოში დავის მოგების შანსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მართალია ის მოცემულ დავაში. გამოკითხულთა მხოლოდ 2% უკავშირებს სასამართლო დავის მოგების ალბათობას დიდი ქრთამის გადახდას.

მოსახლეობის შეფასებით უნდა აშუქებდეს თუ არა მედია სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს, რესპოდენტთა 47% თვლის, რომ უნდა აშუქებდეს, 27% მიიჩნევს, რომ შეიძლება გააშუქოს, შეიძლება არა, გამოკითხულთა 15% მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს მედია გაშუქებასთან დაკავშირებით, ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს რესპოდენტთა 11%-ს.

კვლევის ფარგლებში გამოკითხული, როგორც არასამთავრობო, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი რესპოდენტები თანხმდებიან სასამართლო სისტემაში ბოლო წლებში განხორციელებულ პოზიტიურ ძვრებზე. თუმცა, ორივე სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლების მოსაზრებით, სასამართლო სისტემა დღემდე  დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. კერძოდ, რესპოდენტები ხარვეზად მიიჩნევენ, პრაქტიკაში სამართალწარმოების გახანგრძლივებულ ვადებს, სისტემაში ძველი საკადრო რესურსის შენარჩუნებას, ასევე, სამედიცინო სამართლის, როგორც დარგის არ არსებობიდან გამომდინარე, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული დავების სამართლებრივი კუთხით დახვეწის საჭიროებას.ბიზნეს სექტორთა წარმომადგენლები (არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განსხვავებით) მიიჩნევენ, რომ დღევანდელ პირობებში სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის მოგების შანსი საკმაოდ მაღალია.

კვლევა საინტერესო მიგნებებს ავლენს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ნაწილშიც. კერძოდ, გამოკითხული 3 რესპოდენტიდან 2-მა იცის  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ (საერთო ჯამში 63%). 46%-მა იცის, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მონაწილეობა მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, თუმცა მხოლოდ 28% გამოთქვამს სურვილს მიიღოს სასამართლო პროცესში ნაფიც მსაჯულად მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს უფრო მეტი რესპოდენტი (39%) გამოთქვამდა ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის სურვილს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თვლის უფრო დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად (50%) და სამართლიანად (54%). ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საქმეს არა ერთი, არამედ 12 „მოსამართლე“ განიხილავს. ოდნავ ნაკლები რესპოდენტი კი იმ აზრსაც იზიარებს, რომ ნაფიც მსაჯულთა მოსყიდვა უფრო რთულია (46%). ამავდროულად, გამოკითხულების 41% ეჭვქვეშ არ აყენებს მოსამართლეთა უფრო მაღალ კომპეტენციას ნაფიც მსაჯულებთან შედარებთ, რადგან მათ აქვთ იურიდიული განათლება და სასამართლო პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.

საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ რესპოდენტთა 34% თვლის, რომ საჭიროების შემთხვევაში იცის სასამართლოში მიმართვის პროცედურა.

რაც შეეხება დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულებასა და ინფორმირებულობას, მედიაციის შესახებ ინფორმაცია აქვს მხოლოდ რესპოდენტთა 14%-ს (მოსახლეობის 57% აბსოლიტურად ენდობა მედიაციას, ხოლო 36% გამოთქვამს სურვილს მიმართოს ამ მექანიზმს). არბიტრაჟის შესახებ ინფორმაციას რესპოდენტთა უფრო მაღალი მაჩვენებელი (29%) ფლობს, არბიტრაჟისთვის მიმართვის სურვილს გამოკითხულთა მხოლოდ 28% გამოთქვამს.

იხილეთ კვლევის შედეგები

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi