ნინო გვენეტაძემ პარლამენტში მართლმსაჯულების...

cfe

ნინო გვენეტაძემ პარლამენტში მართლმსაჯულების სტრატეგიაზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია: 04/04/2017

4 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, პარლამენტის თავმჯდომარის  მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში არჩილ ყარაულაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ და სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე. 

მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვერსიის შესახებ ვრცლად ისაუბრა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით მხარეები მჭიდროდ თანამშრომლობენ პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმირების გზით ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა გაძლიერებისთვის. ასოცირების დღის წესრიგით განისაზღვრა, რომ სასამართლო რეფორმის გატარებაზე პასუხისმგებელი ორგანო იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მართლმსაჯულების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, გამოკვეთილი მიზნებითა და პრიორიტეტებით შეიმუშავებდა. 

თავის გამოსვლაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა სტრატეგიის იმ მთავარ პრიორიტეტებს, რომლებიც ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით გამოიკვეთა, კერძოდ  მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გადამზადების პოლიტიკის გაუმჯობესება, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, ეფექტიანობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმის გაზრდა, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. აქვე აღინიშნა, რომ თომას ჰამერბერგის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად საქართველოს მთავრობის პოზიტიური ცვლილებებისა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების თაობაზე, კვლავ აუცილებლობას წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს გამჭვირვალობის გაძლიერება, მათ შორის მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება 2016 წლის თებერვალში დაიწყო. პროცესი დასაწყისიდან დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. დონორების მოწვევით, „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ (GIZ), ევროკავშირის „სასამართლო მხარდაჭერის პროექტი“, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG, USAID) სტრატეგიის შემუშავება საერთაშორისო ექსპერტის, ბატონი ალეშ ზალარის, ლუბლიანას რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და სლოვენიის ყოფილი იუსტიციის მინისტრის, რეკომენდაციების მიხედვით წარიმართა. ბატონ ალეშ ზალარმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს გააცნო სლოვენიის, სერბეთის, მონტენეგროს სასამართლო სტრატეგია და მიმოიხილა ევროკავშირის სტანდარტები სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის გასაძლიერებლად. მოგვიანებით, პროცესს ევროკავშირის “სასამართლო მხარდაჭერის პროექტის” ხელმძღვანელი და გაეროს „სიერა ლიონის“ სპეციალური სასამართლოს მოსამართლე რენატე ვინტერი და ევროპის საბჭოს მოწვეული ექსპერტი, ბულგარეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, დიანა კოვაჩევა შემოუერთდა. 

როგორც ნინო გვენეტაძემ  განაცხადა მართლმსაჯულების სტრატეგიის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობისთვის, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების ფართო მონაწილეობით, 2016 წლის 23 მაისის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სტრატეგიული კომიტეტი ჩამოყალიბდა. კომიტეტის შემადგენლობაში საერთო სასამართლოების მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო, სახალხო დამცველი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი, ადვოკატთა ასოციაცია, 36 არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან წარმოდგენილები. სტრატეგიული კომიტეტის მიერ განისაზღვრა 4 ძირითადი მიმართულება - დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ანგარიშვალდებულება, ხარისხი და ეფექტიანობა, ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალობა და სანდოობა. სტრატეგიული კომიტეტის საქმისწარმოების მოწესრიგებისთვის კომიტეტში სამდივნო შეიქმნა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბატონი კახა სოფრომაძე ხელმძღვანელობს.

სტრატეგიის შემუშავებაში საყოველთაო მონაწილეობის და პროცესის გამჭვირვალობისთვის, დონორების მხარდაჭერით და კომპანია „სინერჯი“ ჯგუფის დახმარებით, 4 კომიტეტის სხდომა, 30-ზე მეტი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, 50-მდე ინდივიდუალური ინტერვიუ ჩატარდა, მათ შორის საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის მოსამართლეებთან. დამატებით, სტრატეგიის პროექტი განთავსდა მოსამართლეთა და სასამართლო მოხელეთა შიდა ქსელში „ინტრანეტში“, კომენტარებისა და მოსაზრებების წარმოდგენისთვის.  

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტრატეგიულ კომიტეტში გადაწყვეტილებები საყოველთაო კონსესუსის საფუძველზე მიიღება და სტრატეგიის შემუშავების პროცესის დასაწყისიდან, კომიტეტმა უარი განაცხადა გადაწყვეტილებების ხმათა უმრავლესობით მიღების პრინციპზე. კომიტეტმა, მხოლოდ პოზიციათა შეჯერებით, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის საკითხებზე ძირითადი პრინციპული მიმართულებების და გამოწვევების გადაჭრის ამოცანებზე შეთანხმებით განახორციელა მართლმსაჯულების სტრატეგიის შემუშავების პროცესი.  

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ სტრატეგია სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითად დოკუმენტებს დაეყრდნო, „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014–2020 წლებისთვის“, იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სასამართლო რეფორმის სტრატეგია, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და საქართველოს მთავრობის ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2017-2020 წლებისათვის. ექსპერტთა რეკომენდაციების მიხედვით, სტრატეგიაში გავითვალისწინეთ საერთაშორისოდ აღიარებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და მოუკერძოებლობის გაძლიერების ძირითადი დოკუმენტები, ისევე როგორც ანტიკორუფციული მონიტორინგის ანგარიშები საქართველოს თაობაზე. ასევე, საქართველოს პარლამენტთან, იურიდიული საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩართული ვართ კომიტეტების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, წინადადებების და მოსაზრებების წარმოდგენით, ისევე როგორც იუსტიციის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. 

,,დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილია სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი სასამართლო ხელისუფლების განსაზღვრული ხედვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში მართლმსაჯულების რეფორმირების და დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე. დოკუმენტში შემუშავებული წინადადებები, საქართველოს პარლამენთან და იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებლობას მოგვცემს საყოველთაო შეთანხმებით მიღწეული მართლმსაჯულების მოუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, ეფექტურობის გაძლიერების  პრიორიტეტულ საკითხებზე საკანონმდებლო წინადადებები ერთობლივად შევიმუშავოთ და დავნერგოთ საერთო სასამართლოების სისტემაში.“-განაცხადა თავის გამოსვლაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. 

ნინო გვენეტაძემ   განაკუთრებულ მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მხარდაჭერისთვის, რომელთა წინადადებებიც  გაიზიარა სტრატეგიულმა კომიტეტმა. აღნიშნა, რომ დონორთა პროექტების პრიორიტეტულ მიმართულებებთან სრულ თანხვედრაშია სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.  მან ასევე მადლიერება გამოხატა კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ მიმართ სტრატეგიის შემუშავების პროცესის ორგანიზებულად ჩატარებისა და  სტრატეგიული დოკუმენტების დამუშავებისთვის. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიული კომიტეტის მიერ დოკუმენტის დამტკიცებამდე, მსგავსი შეხვედრა იგეგმება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ადვოკატთა ასოციაციის და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi