უზენაესმა სასამართლომ ბოლო ერთი კვირის...

yi

უზენაესმა სასამართლომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე სისხლის სამართლის 2 საქმეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნებულია: 10/06/2016

სისხლის სამართლის პირველ საქმეზე, ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით ბრალდებულ გ. გ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 94–ე მუხლის 1-ლი, მე-7, მე-8 ქვეპუნქტებით (ადრე განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოს მოქალაქის, მსჯავრდებულის - გ.გ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანის შესახებ.

იმავე განჩინებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს სსკ–ით გათვალისწინებულ მუხლებთან, კერძოდ: მსჯავრდებული გ. გ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 1997 წლის 13 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განაჩენით მსჯავრდებული გ. გ-სთვის განსაზღვრული უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.

2016 წლის 12 იანვარს მსჯავრდებულმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა განაჩენის გადასინჯვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განაჩენის  გაუქმება და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა - ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 6 ივნისის განაჩენით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლისა და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე–7 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რომ არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს,  დააკმაყოფილა მსჯავრდებული გ. გ-ს საკასაციო საჩივარი და განმარტა, რომ ვინაიდან გ. გ-ს მიერ დანაშაულის ჩადენისას მოქმედი საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის რედაქცია (1960 წლის რედაქცია) სანქციის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა, მას უნდა შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით. კერძოდ: გ. გ-ს მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დანაშაულის ჩადენის დროს (1997 წლის 28-29 იანვარი) მოქმედი საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის რედაქცია (1960 წლის რედაქცია) სანქციის სახით ითვალისწინებდა - 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, გასახლებით ვადით 5 წლამდე ან უამისოდ, ან სიკვდილით დასჯას, რის გამოც გ. გ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 94–ე მუხლის 1-ლი, მე–7 და მე–8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულის სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა სხვა მუხლებით განსაზღვრული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ იგი სასჯელს იხდიდა  1997 წლის 13 თებერვლიდან მას დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

სისხლის სამართლის მეორე საქმეზე, ბრალდებული ე. მ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით - რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით და ასევე სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას, რასაც თან ერთვოდა ძალადობა, აბუჩად აგდება და წამება. აღნიშნული ქმედებებისთვის ე. მ-ს სასჯელის სახით  განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელად, ხოლო სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მას შეუმცირდა დანიშნული სასჯელები ,,ამნისტიის შესახებ“ სქართველოს კანონის საფუძველზე და საბოლოოდ სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მოქალაქე ე. მ-ს მიმართ და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ვინაიდან საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ მსაჯვრდებულმა ე. მ-მ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები. ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ ვარაუდს, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ვერ დაედებოდა საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi