მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო...

fe

მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 03/06/2016

2016 წლის 3 ივნისს თბილისში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მართლმსაჯულების ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით წინა მოსამზადებელი შეხვედრები კვალიფიციური უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით გამართა მიმდინარე წლის აპრილისა და მარტის თვეში, რა დროსაც გადაწყდა შექმნილიყო მართლმსაჯულების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მომუშავე შესაბამისი კომიტეტი. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა; მოსამართლეები, სასამართლო სისტემის სხვა წარმომადგენლები; აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მოსამართლეთა ერთობის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლები. აღნიშნულ კომიტეტს ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. კომიტეტის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მართლმსაჯულების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგენს იუსტიციის სამინსიტროს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავებული 2016-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ერთგვარ გაგრძელებას, რომელიც უფრო კონკრეტულად შესაბამისი ღონისძიებების გატარებით მიმართული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებისკენ.

კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მისასლმებელი სიტყვით მიმართეს: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ; აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID/Caucasus) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის მოქმედი დირექტორმა, დევიდ სტოუნჰილმა; საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კატარინა დერკორნმა; გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება (GIZ) - სამხრეთ კავკასიაში ევროპულ სტანდარტებთან სამართლებრივი დაახლოების პროგრამის მენეჯერმა, თომას მაიერმა.

შეხვედრაზე პრეზენტაციის ფორმატში მიმოხილული იქნა მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზნები, კომიტეტის მანდატის ფარგლები და საქმიანობის მეთოდები. მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში  კომიტეტის სამომავლო გეგმების შესახებ მსჯელობისას განიხილეს შეხვედრების ფასილიტატორის განსაზღვრის, დამხმარე ადმინისტრაციული პერსონალის, შიდა და გარე კომუნიკაციის არხების/საშუალებებისა და სამუშაო ჯგუფის სასურველი ზომის განსაზღვრის შესახებ საკითხები.

მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის სამუშაო შეხვედრები მხარდაჭერილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) მიერ.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3 ფოტო4

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi