საქართველოს უზენაესმა სასამართლომ...

uzenaesis logo

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 13/12/2011

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რითაც განასხვავა ყალბი დასკვნის გაცემისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების დანაშაულები.

სასამართლო გამოძიებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ექსპერტმა ა. ზ-იანმა, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2007 წლის 21 მაისამდე, ჩაატარა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ, 2007 წლის 21 ივნისს, გასცა დასკვნა, რომელშიც ისე, რომ არ ჩაუტარებია გვამიდან აღებული სისხლის ქიმიური გამოკვლევა, მის მიერვე მოგონილი ყალბი მონაცემების საფუძველზე აღნიშნა, რომ მასში ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა. თუმცა მოგვიანებით, მისგან დამოუკიდებლად ჩატარებული ქიმიური გამოკვლევით დადგინდა სისხლში ეთილის სპირტის 1,8%-ის ოდენობით, ხოლო შარდში – 3,2%-ის ოდენობით შემცველობა. ა. ზ-იანმა ეს დოკუმენტი, პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ჩააბარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული სამსახურის კანცელარიას _ ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს გამომძიებლისათვის გადასაცემად.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს ა. ზ-იანის ქმედება, როგორც ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის მიცემა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისმგებელი პირი, კანონის მიხედვით, წარმოადგენს სპეციალურ სუბიექტს ანუ ისეთ სუბიექტს, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე აღჭურვილია სპეციალური უფლებამოსილებებით, რის გარეშეც ამ დანაშაულის ჩადენა შეუძლებელია. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი წარმოადგენს სახელმწიფო მოხელეს და აღჭურვილია სპეციალური უფლებამოსილებით – საგამოძიებო ორგანოების დადგენილების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაატაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ცოცხალ ადამიანებსა და გვამებზე, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შეადგინოს და გასცეს ექსპერტის დასკვნა, როგორც ოფიციალური დოკუმენტი, თავისი ხელმოწერით.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ყალბი დოკუმენტის ოფიციალურ სახელმწიფო ორგანოზე გასხვისების მიზანი, თავისი სამართლებრივი მნიშვნელობით, წარმოადგენს იგივე გასაღების მიზანს, რომლითაც მოქმედებდა მსჯავრდებული. მოცემულ შემთხვევაში მის მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნის სიყალბე გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ მან მასში ყალბი მონაცემი შეიტანა, არამედ, გარდა ამისა, იმაშიც, რომ აღნიშნული ოფიციალური დოკუმენტი გასცა, როგორც საამისოდ არაუფლებამოსილმა პირმა, რის გამოც, ამ დოკუმენტის რეკვიზიტებიც, არ შეესაბამებოდა რა სინამდვილეს, იყო ყალბი.

მსჯავრდებულის მოქმედების მოტივი ის იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლებულიყო იმ საქმისაგან, რომლის გამოც ქ. ბათუმში ყოვნდებოდა და არასასურველ მატერიალურ ზარალს განიცდიდა ამ ქალაქში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების გაწევით, თანაც ისეთ პირობებში, როცა იგი შესრულებული სამუშაოსათვის არავითარ ანაზღაურებას არ იღებდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ა. ზ-იანი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით.

ამავე დროს, საკასაციო პალატის აზრით, ამ ქმედებით ა. ზ-იანმა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების მცდელობაც, როდესაც გასაღების მიზნით დამზადებული ყალბი დასკვნა ჩააბარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული სამსახურის კანცელარიას გამომძიებლისათვის გადასაცემად. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მცდელობას იმ თვალსაზრისით, რომ: ყალბი დოკუმენტის მიმღები საბოლოო ადრესატი იყო გამომძიებელი, მაგრამ არა ხსენებული სამსახურის კანცელარია, რომელიც მხოლოდ დოკუმენტის შემკვეთისა და შემსრულებლის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა და აღნიშნული დოკუმენტის მიმართ თავისი დამოუკიდებელი ინტერესი არ გააჩნდა; ამასთან, ყალბი ექსპერტიზის დასკვნა არ გასცილებია კანცელარიის ანუ ექსპერტიზის რეგიონული სამსახურის ფარგლებს, ვინაიდან სწორედ აქ იქნა აღმოჩენილი დანაშაული, რომელიც აღიკვეთა მცდელობის სტადიაზე მანამ, ვიდრე იგი დამთავრებულ სახეს მიიღებდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების სახით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ა. ზ-იანმა ჩაიდინა გასაღების მიზნით ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და მისი გასაღების მცდელობა, რის გამოც, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადააკვალიფიცირა იმავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იმავე კოდექსის მე-19 მუხლსა და 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო ჩადენილი დანაშაულისათვის ა. ზ-იანს დაუნიშნა ერთი სასჯელი, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ქმედებები დაკავშირებულია დანაშაულის ერთსა და იმავე შემთხვევასთან, რომლებსაც მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლის ერთი და იგივე ნაწილი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi