ნინო გვენეტაძე ევროპის საბჭოს მოწვევით...

stst

ნინო გვენეტაძე ევროპის საბჭოს მოწვევით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იუსტიციის მინისტრებისა და სასამართლო ხელისუფლების მაღალი დონის კონფერენციაში იღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია: 21/04/2016

2016 წლის 21 აპრილს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნ ნინო გვენეტაძე ევროპის საბჭოს მოწვევით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იუსტიციის მინისტრებისა და სასამართლო ხელისუფლების მაღალი დონის ორდღიან კონფერენციაში, თემაზე: „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის წინაპირობა“ იღებს მონაწილეობას. აღნიშნულ კონფერენციას ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებას უწევს ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბ-ნ დანიელ მიტოვმა; ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ბ-ნ ტორბიონ იაგლანდმა და ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, ქ-ნ ეკატერინა ზაჰარიევმა.

კონფერენციის ფარგლებში დელეგატები მოხსენებით წარდგებიან დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების როლის შესახებ, იმსჯელებენ აღმასრულებელ  და სასამართლო ხელისუფლებას შორის ურთიერთობებზე, ასევე ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისა დაცვასა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კონფერენციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის -„მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება“ - პროექტთან დაკავშირებით მსჯელობა და გეგმის საბოლოო ვარიანტზე შეჯერება წევრი სახელმწიფოების შესაბამისი წარმომადგენლების მონაწილეობით.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, განსაზღვროს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერების მიზნის მისაღწევად კონკრეტული ამოცანები და ღონისძიებები, რომელთა განხორციელების პროცესს გაუძღვება და კოორდინაციას გაუწევს ევროპის საბჭო. კერძოდ, სამოქმედო გეგმა და მისი დანართი  განსაზღვრავს წევრი სახელმწიფოების მიერ განსახორციელებელ აქტივობებს, რომელიც ეხება სასამართლო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ფორმალური სამართლებრივი გარანტიების შექმნასა და გაუმჯობესებას. დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია მოქმედებდეს ან დაინერგოს საჭირო სტრუქტურები და პოლიტიკა, რათა უზრუნველყოფილი იქნას გეგმით გათვალისწინებული გარანტიების პრაქტიკაში გამოყენება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სასამართლო ხელისუფლების სათანადო ფუნქციონირებას ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ევროპის საბჭოს ქვეყნების სამართლებრივი სისტემების, საკონსტიტუციო პოზიციებისა და ხელისუფლების დანაწილების მიდგომების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, კონფერენციის მონაწილეები შეხვედრის ფარგლებში დააფიქსირებენ თავიანთ ხედვებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებასთან მიმართებით.

იუსტიციის მინისტრებისა და სასამართლო ხელისუფლების მაღალი დონის კონფერენცია ა/წ 22 აპრილს სამოქმედო გეგმის -„მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება“ - საბოლოო ვარიანტზე შეთანხმებითა და კონფერენციის ფარგლებში განხილული თემების ირგვლივ შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდება.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi