საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო...

sfsf

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 18/03/2016

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სასაქონლო ნიშნების გამოყენებასთან დაკავშირებულ დავაში სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების წარმოშობასა და საქონლის კონტრაფაქციულობის დასადასტურებლად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით, ასევე საქონლისგანადგურების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე (№ას-1285-1223-2014).

საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო, (ა) წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე მის მიერ მითითებულ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელს;(ბ) გააჩნდა თუ არა მოპასუხეს/კასატორს მსგავსი საქონლის მიმართ სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება (და, შესაბამისად, კონტრაფაქციული იყო თუ არა კასატორის საქონელი);(გ) ვის ეკისრებოდა საქონლის კონტრაფაქციულობის მტკიცების ტვირთი; და (დ) გამოკვლეული იყო თუ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხის საქონლის განადგურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა სამართლებრივი წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასაქონლო ნიშნების დაცვის პრაქტიკით მსოფლიოში ჩამოყალიბდა სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვების ორი მეთოდი. პირველის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მოპოვება რაიმე სპეციალურ პროცედურას არ საჭიროებს და მიიღწევა სასაქონლო ნიშნის ფაქტობრივი გამოყენებით, ხოლო მეორის მიხედვით, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია შესაბამის დაწესებულებაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.

საქართველოს კანონმდებლობა სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“ მათი რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს.რეგისტრაციით ხდება დაცვის ობიექტის ნამდვილი არსობრივი ფარგლების დაფიქსირება; ამასთან ერთად, რეგისტრაციით აღინუსხება  საქონლის ის წრე, რომელთა მიმართ გამოსაყენებლადაც არის განკუთვნილი სასაქონლო ნიშანი. რეგისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა„საქპატენტის“ მიერ ყველა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც წარმოადგენს ნიშნის მფლობელის კონკურენტებისათვის გაფრთხილებას.

რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის  დღიდან (შესაბამისად, რეგისტრაციის ფაქტი საქართველოში არა დეკლარაციულია, როგორც ინგლისურ-ამერიკულ სისტემაში, რომელიც არ ითვალისწინებს განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციას, არამედ - კონსტიტუციური).

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ„ქონებას“ წარმოადგენს. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგომ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია.ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც კი უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამრთლომ მოსარჩელის განსაკუთრებულ უფლების წარმოშობა სასაქონლო ნიშანზე მართებულად დაუკავშირა საქპატენტში აღნიშნული ნიშნის რეგისტრაციის ფაქტს. 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე,საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები -მოსარჩელის სახელზე საქონლის მე-7, მე-9 და მე-11 კლასების მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოწმობა და სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება საკმარისი იყო მოსარჩელის მიერ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვების ფაქტის დასადასტურებლად.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საქონლის კონტრაფაქციულად მიჩნევისათვის უნდა დაკმაყოფილდეს რამდენიმე პირობა: (1) საქონელი უნდა იყოს იმ საქონლის იდენტური ან მსგავსი (შედიოდეს იმ საქონლის ჩამონათვალში), რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი; (2)საქონელზე მოთავსებული უნდა იყოს ამ საქონელთან დაკავშირებით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი; (3) იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშანი მოთავსებული უნდა იყოს უნებართვოდ.ზემო აღნიშნული ნორმით მოცემული ყველა ელემენტი კუმულაციურად უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ კონტრაფაქციულობის ფაქტი დადგინდეს.

ამიტომ საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა მოეხდინა სხვადასხვა (მოსარჩელისა და მოპასუხის) საქონლის შედარება, აგრეთვე, მოპასუხის საქონლის შედარება საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით მოცემული საქონლის ჩამონათვალთან და მიუთითა, რომ სწორედ საქონელთა შედარების გზით არის შესაძლებელი, დადგინდეს რამდენად იდენტური ან მსგავსია საქონელზე დატანილი სასაქონლო ნიშნები და დატანილია თუ არა ისინი იმ საქონლის იდენტურ ან მსგავს საქონელზე, რომლის მიმართაც მფლობელს რეგისტრირებული აქვს საკუთარი სასაქონლო ნიშანი.

გამომდინარე იქიდან, რომ კასატორი თავად ადასტურებდა მის მიერ შესყიდულ საქონელზე დატანილი სასაქონლო ნიშნის მოსარჩელის სასაქონლო ნიშანთან იდენტურობის, ხოლო შესყიდული საქონლის იმ საქონელთან მსგავსების ფაქტს, რომლის მიმართაც„საქპატენტში“რეგისტრირებულია სადავო სასაქონლო ნიშანი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდანიშანდებაზე შესაბამისი ნებართვის არსებობა-არარსებობის ფაქტი, რომელიც უკავშირდება მტკიცების ტვირთის გადანაწილებას.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქონლის კონტრაფაქციულობის მტკიცების ტვირთის გადანაწილება უკავშირდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ინსტიტუტს. განსაკუთრებული უფლების მქონე პირი თავისი უფლებებს სასაქონლო ნიშანზე ადასტურებს რეგისტრაციის მოწმობით, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი (მაგ., რომ ეს უფლება მოსარჩელეს არ წარმოეშვა) ეკისრება მოპასუხეს.აღნიშნულზე მიუთითებს ისიც, რომ რეესტრში რეგისტრირებული უფლებადაცულიაროგორც საერთაშორისო კონვენციებით, ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობით.შესაბამისად, რეგისტრაციის ფაქტი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ რეგისტრირებული უფლების მქონე პირს წარმოეშვას საკუთარი„ქონების“ დაცვის უფლება.

მოცემულ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელე წარმოადგენდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელს, მხოლოდ მას შეეძლო მოპასუხისათვის მიეცა ამ ნიშნის გამოყენების უფლება. შესაბამისად, არ შეიძლება მოსარჩელეს დაეკისროს არარსებული ფაქტისმტკიცების ტვირთი. ის ფაქტი, რომ მოპასუხეს გააჩნდა ამ ნიშნის გამოყენების უფლება,უნდა ამტკიცოსმოპასუხემ.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქონლის კონტრაფაქციულობის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისათვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების სამართალში არსებულიპრეზუფციების განხილვა და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის უნებართვოდ გამოყენების პრეზუმფციის ასამოქმედებლად, აუცილებელია მოსარჩელემ დაადასტუროს: (1) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების არსებობისა და (2) მოწინააღმდეგე მხარის მიერ იდენტურ ან მსგავს საქონელზე იდენტური ან მსგავსი ნიშნის გამოყენების ფაქტები.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დაადასტურა ორივე ფაქტი, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ამოქმედდეს მოპასუხის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის უნებართვოდ გამოყენების (მოპასუხის საქონლის კონტრაფაქციულობის) პრეზუმფცია. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება ეკისრება იმ მხარეს, ვის საწინააღმდეგოდაც ის მოქმედებს, ე.ი. მოპასუხეს.მოპასუხის მიერ კი არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლებაზე.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ საქონლის კონტრაფაქციულობა შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ ექსპერტის დასკვნით და აღინიშნა,რომ მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს საქონლის კონტრაფაქციულობის პრეზუმფცია (ხოლო პრეზუმფცია, ისევე როგორც პრეიუდიცია, არ შედის მტკიცების საგანში. შესაბამისად,მისი დადასტურება, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნით არ ხდება). შესაძლებელია, მხოლოდ აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლება, რაც მოპასუხის მტკიცების ტვირთია.

თავად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციას წინ უსწრებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა და არსობრივი ექსპერტიზა. სასამართლომ განმარტა, რომ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ადგენს, არის თუ არა განაცხადი გაფორმებული კანონის შესაბამისად,ხოლო არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს  თუ არა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური და შედარებითი საფუძვლები.შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი რეგისტრაციის მოწმობა უკვე მიუთითებს იმაზე, რომ მითითებულ სასაქონლო ნიშანს გავლილი აქვს შესაბამისი ექსპერტიზა. შედეგად საკასაციო სასამართლომმიიჩნია, რომ მის საქონელზე იდენტური სასაქონლო ნიშნის სათანადო ნებართვის საფუძველზე გამოყენების მტკიცების ტვირთი მოპასუხემ ვერ გასწია.

საკასაციო სასამართლომ ყურადღებას მიაქცია საკითხს გამოკვლეული იყო თუ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხის საქონლის განადგურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა სამართლებრივი წინაპირობა და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, თუმცა არასწორად განმარტა „დ“ ქვეპუნქტი. 

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქონლის განადგურებისათვის აუცილებელია არსებობდეს ისეთი შემთხვევა, რომელიც მიუთითებს სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევების შეუძლებელობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ითხოვდა საქონლის განადგურებას, სასამართლოს იურიდიულად სწორად უნდა განესაზღვრა მტკიცების საგანი, რომელიც ასევე უნდა ითვალისწინებდეს სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევების შეუძლებლობის ფაქტს, რაც უნდა გამხდარიყო მტკიცებითი პროცესის ობიექტი.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქონლის განადგურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა სამართლებრივი წინაპირობა, რადგან არასწორად განსაზღვრა მტკიცების საგანი.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, შესაძლებელია თუ არა მოპასუხის სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება. მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ მოპასუხის სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi