საქართველოს უზენაესი სასამართლო
უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გამართა
გამოქვეყნებულია: 21/01/2016
2016 წლის 20 იანვარს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონულ სასამართლოში სამუშაო შეხვედრები გამართა, სადაც, მოსამართლეებთან ერთად განიხილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის „გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის“ ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები, დაათვალიერა სასამართლო შენობები და მოწმეთა დაკითხვისათვის განკუთვნილი ოთახები, ასევე, იქ არსებული ინფრასტრუქტურა.
ასეთივე შეხვედრები უკვე გაიმართა მარნეულის მაგისტრატ და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებში. უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა სასამართლოების მონახულება და ყველა იმ საკითხების ადგილზე შესწავლა, რაც უკავშირდება გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის ამოქმედებას.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უშუალოდ მოსამართლეებისგან მოისმინა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, რომელიც შეეხებოდა, როგორც სამართლებრივ, ასევე ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ ასპექტებს.