უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი...

ttt

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 30/12/2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სააღსრულებო ფურცლის მოქმედების ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით (საქმე №ას-786-743-2015).

ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის -  7 000 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე - 3 087 აშშ დოლარის, სულ - 10 087 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი. სესხის გადახდის უზრუნველსაყოფად დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. მოვალემ სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ და სარჩელის აძღვრასთან ერთად, მისი უზრუნველყოფის სახით,  მოითხოვა  ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოვალის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერდა, რაც კრედიტორმა გაასაჩივრა. კრედიტორის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მოქმედება - 6 083 აშშ დოლარის (ძირითადი თანხის - 5 250 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 833 აშშ დოლარის) აღსრულების ნაწილში, ხოლო კრედიტორის საჩივარი 4 004 აშშ დოლარის ნაწილში აღსრულების შეჩერების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღმასრულებელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, თუმცა მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა კერძო საჩივრით. აღმასრულებელი ითხოვდა შემდეგ განმარტებას: განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი გულისხმობს თუ არა: 1) ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების გაგრძელებას 6 083 აშშ დოლარის ნაწილში და, დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად, იპოთეკის საგნის რეალიზაციას; 2) იმ შემთხვევაში, თუ 6 083 აშშ დოლარის ნაწილში დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად, სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდება იპოთეკის საგნის რეალიზაცია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, და სასამართლო მოვალეს დააკისრებს  4 004 აშშ დოლარის გადახდასაც, რა სახით უნდა მოხდეს ამ თანხის ამოღება, თუ იპოთეკის საგანი უკვე რეალიზებული იქნება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების განმარტებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა განმარტების შედეგად არ მოხდეს გადაწყვეტილების ძირითადი შინაარსის შეცვლა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების განმარტება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდეს, რომელიც კანონმდებელმა დასახა სსსკ-ის 262-ე მუხლით.

საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააღსრულებო წარმოებათა კანონის VII თავზე, რომელიც ადგენს აღსრულების გადადებას, შეჩერებას, შეწყვეტას და აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნებას;  ამავე თავის 36- მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერების საფუძვლებსა და ვადებს, თუმცა, ამ ნორმით განისაზღვრება აღსრულების პროცესის მთლიანად შეჩერება და არა ნაწილობრივი შეჩერება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, კერძო საჩივარში სწორედ იმ საკითხზეა ყურადღება გამახვილებული, რომ განჩინების სარეზოლუციო შინაარსი, მისი განმარტების გარეშე, პრაქტიკაში გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით ქმნის პრობლემას.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერებას არ ითვალისწინებს კანონი, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო ვალდებულია თანაბრად დაიცვას კრედიტორისა და მოვალის ინტერესები, არ შექმნას პრეცედენტი, როგორც მოცემულ შემთხვევაშია, რომ მოხდეს კრედიტორის ერთიანი მოთხოვნის დანაწევრება სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ შეჩერების გზით; აღნიშნული აღსრულების პროცესს უქმნის საფრთხეს, როდესაც ჯერ უზრუნველყოფილი მოთხოვნის ნაწილი უნდა აღსრულდეს, ხოლო ასევე უზრუნველყოფილი მოთხოვნის მეორე ნაწილი - კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ კრედიტორის მოთხოვნა ამ ნაწილშიც დასაბუთებული აღმოჩნდებაშეუძლებელი იქნება იპოთეკის საგნის ხელმეორედ რეალიზაცია.  

საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ კრედიტორისა და მოვალის ინტერესების  ბალანსის შესანარჩუნებლად, სასამართლომ უნდა განმარტოს, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ, თუკი ამონაგები თანხიდან დარჩება გარკვეული ნაწილი და დაუბრუნდება მოვალეს, როგორ იქნება დაცული კრედიტორის ინტერესი, რომლის მოთხოვნის ნაწილი (4 004 აშშ დოლარის ნაწილში  შეჩერებული ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი) ფორმალურ-იურიდიულად კვლავ უზრუნველყოფილ მოთხოვნად დარჩება, თუმცა, რეალურად არ იარსებებს იპოთეკის საგანი, რადგან იგი რეალიზებული იქნება. ასეთ შემთხვევაში კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება იურიდიულ ფიქციად რჩება და დამოკიდებული ხდება მხოლოდ მოვალის კეთილ ნებასა და მატერიალურ შესაძლებლობაზე.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შექმნილი სამართლებრივი ჩიხიდან გამოსავალი შესაძლებელია იყოს სააპელაციო სასამართლოს მიერ  სააღსრულებო წარმოებათა კანონის 821-ე  მუხლის  უფრო ფართოდ განმარტება. სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში შესაძლებელია მსჯელობა განავითაროს, ხოლო შემდეგ სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ნაწილში, დაიწყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, კანონით გათვალისწინებული ხარჯებისა და საფასურის დაფარვის შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აუქციონის შედეგად ამონაგები დარჩენილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაიკავებს იგივე კრედიტორის უზრუნველყოფილი მოთხოვნის მეორე ნაწილის აღსასრულებლად სხვა კრედიტორისათვის განკუთვნილ ადგილს, სააღსრულებო ბიურო ყადაღას დაადებს მას და განათავსებს საკუთარ სადეპოზიტო ანგარიშზე.  დაყადაღებული თანხა სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე  განთავსდება სასამართლოს  გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იმ  ნაწილში, რომელზეც შეჩერებულია  ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მოქმედება.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi