საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.10.2015
2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ესტონელი მოსამართლეების დელეგაციას უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ესტონეთის საკასაციო სასამართლოს მოსამართლე - ქალბატონი ლეა კივი; ტარტუს მაზრის სასამართლოს თავმჯდომარე - ქალბატონი ლიივი ლოიდე და ტარტუს საოლქო სასამართლოს მოსამართლეები: ქალბატონი ეველი ვავრენიუკი; ბატონი ტიიტ ლიხმუსი; ბატონი აგუ ტიმი; ბატონი ანდრუს მიილასტე; ბატონი ზაქარია ქინქლაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და უცხოელ სტუმრებს, ქართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების დასახვეწად ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმების შემოტანას კონკრეტული ინსტიტუტების - დამოუკიდებელი ინსპექტორისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის სახით. ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და ერთობლივი მსჯელობის საგნად გამოყო შემდეგი ძირითადი საკითხები: სასამართლო წარმოების ეფექტურობა; მოსამართლეთა დატვირთულობა და ქვეყნების კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი (გაკოტრების საქმეებთან მიმართებაში).
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით: „სარეფორმო წინადადებები უკავშირდება საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული და შემთხვევითი განაწილების პროექტის დანერგვას, რომელმაც უნდა შექმნას მოსამართლეთა შორის საქმეთა მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად განაწილების საფუძველი; შეიცვლება საქმეთა ანბანური და რიგითობის საწყისებზე განაწილების არსებული მექანიზმი საქმეთა ავტომატური ელქტრონული განაწილებით, შემთხვევითი და მოსამართლეთა თანაბარი დატვირთვის მექანიზმით, რაც აღმოფხვრის არაერთ უხერხულ კითხვას, რომელიც უკავშირდება კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლის კანონიერებისა და მიუკერძოებლობის საკითხს, აღმოფხვრის თავად მოსამართლეთა შორის არსებულ უკმაყოფილებას საქმეთა განაწილების ხარვეზებთან დაკავშირებით და სამართალწარმოების მონაწილე მხარეთა უნდობლობას, რომელიც რიგ შემთხვევებში ეხება საქმის კონკრეტულ მოსამართლეზე განაწილებას.“
შეხვედრის ფარლებში, ნინო გვენეტაძემ უცხოელ კოლეგებს დამატებით ესაუბრა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმის შემოღების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული კონვენციით დამკვიდრებული მიდგომისა და ევროპის სასამართლოს პრეცედენტების აქტიური გამოყენების საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის სტანდარტის ამაღლებას.
დელეგაციის წევრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდებისათვის და მიმოიხილეს ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით ესტონეთის კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, უპასუხეს ქართველი კოლეგების შეკითხვებს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ასევე დამატებით განიხილეს მოსამართლეთა განსაზღვრული ვადით დანიშვნისა და მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყობის შესახებ საკითხები. მხარეებმა დასახეს მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
შეხვედრის დასასრულს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და ესტონეთის საკასაციო სასამართლოს მოსამართლემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.
აღსანიშნავია, რომ ესტონელი მოსამართლეები დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ერთი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ და შეხვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა