საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.10.2011
2011 წლის 26 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა წინასასამართლო სხდომა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის ბრალდების საქმეზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სამართლოში და განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისათვის მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმე არსებითი განხილვის მიზნით გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შემადგენლობას. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა დაინიშნა 2011 წლის 7 ნოემბერს. ასეთი სახის სასამართლო პროცესი არის პირველი პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში და შესაბამისად წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს, როგორც სასამართლოს რეფორმის, ასევე ქვეყნის დემოკრატული განვითარების პროცესში, ვინაიდან მართლმსაჯულების განხორციელებაში ერთვება თავად საზოგადოება და მხოლოდ საზოგადოება წყვეტს საკითს ბრალდებულის დამნაშავეობის ან უდანაშაულობის შესახებ.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე, მოსამართლე მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით,18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 100 პირის შემადგენლობით. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი უნდა ფლობდეს სამართლის პროცესის ენას, ცხოვრობდეს ტერიტორიაზე, რომელიც შედის თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობაში, არ უნდა ჰქონდეს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას. შერჩევის სხდომაზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით შეირჩევა 12 ნაფიცი მსაჯული და სულ ცოტა 2 სათადარიგო მსაჯული, რომლებიც მონაწილეობენ საქმის არსებით განხილვაში და მიიღებენ გამამართლებელ ან გამატყუნებელ ვერდიქტს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მომზადებული ხვდება მართმსაჯულების განხორციელების ამ ახალ სისტემას, სასამართლოში ჩატარდა არაერთი იმიტირებული სასამართლო პროცესი და მოსამზადებელი ტრენინგი. თბილისის საქალაქო სასამართლო, ისევე როგორც მთელი საზოგადოება დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით ელოდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტს, სადაც გადაწყვეტილებას იღებს ხალხი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა