საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 08.09.2015
2015 წლის 8 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა მოსამართლეთა შორის საქმეთა შემთხვევით და თანაბარ საწყისებზე განაწილებას ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებს მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. როგორც ნინო გვენეტაძემ განაცხადა : „ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესმა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი სამართალწარმოების საფუძველი უნდა შექმნას. ევროპელი ექსპერტების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ უნდა შევქმნათ საქმეთა განაწილების ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა შორის საქმეთა ობიექტურ განაწილებას, იმავდროულად, სასამართლო დავების მზარდი ნაკადის პირობებში, დაცული იქნება მოსამართლეთა თანაბარი დატვირთვის სტანდარტი.“
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე, რომელმაც დადებითად შეაფასა სასამართლო ხელისუფლების სწრაფვა, შექმნას გამართული და გამჭვირვალე საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემა.
შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის ფორმატში გამოთქვეს მოსაზრებები და წინადადებები საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის სამუშაო ვერსიის თაობაზე. კონცეფციის განხილვაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები რაზვან კრასიუნესკო და პაველ რებერცი.
საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის კონცეფცია მომზადდა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში და უკავშირდება "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას, მოსამართლეთა შორის საქმეთა ანბანური და რიგითობის საფუძველზე განაწილების არსებული წესის შეცვლას.
აღნიშნულ საკითხზე სამუშაო შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება, უახლოესი შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში 14 სექტემბერსაა დაგეგმილი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა