საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 05.09.2015
5 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქართველოს საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრა დაეთმო მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტში არსებულ ჩანაწერს, რომელიც ეხება მოსამართლეთა შორის საქმეთა შემთხვევით და თანაბარ საწყისებზე განაწილებას ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. შეხვედრაზე მოსამართლეებმა განიხილეს საქმეთა განაწილების წესის სამუშაო ვერსია, გამოთქვეს მოსაზრებები, კრიტიკული შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა აისახოს საქმეთა განაწილების წესში.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესმა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი სამართალწარმოების საფუძველი უნდა შექმნას; მართლმსაჯულებისადმი სანდოობის გასაღვივებლად, სასამართლო დავის მხარეებისათვის, საზოგადოებისათვის უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა შორის საქმეთა ობიექტურ განაწილებას, იმავდროულად, სასამართლო დავების მზარდი ნაკადის პირობებში, დაცული იქნება მოსამართლეთა თანაბარი დატვირთვის სტანდარტი.
ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მონაწილეობით, 8 სექტემბერს ევროსაბჭოს პროექტის - „საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება“ - ფარგლებში ევროპელ ექსპერტებს უმასპინძლებს უზენაესი სასამართლო. ღონისძიება მიეძღვნება საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის ევროპული მოდელების გაცნობას და ქართული კონცეფციის განხილვას.
მოსამართლეებმა შეხვედრაზე განიხილეს ასევე მოწმეთა გამოკითხის წესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი. გამოითქვა მოსაზრებები, რომ მოსალოდენლი ცვლილებებისათვის საჭიროა ადამიანური და ფინანსური რესურსების მოზიდვა, რათა კანონის მოთხოვნა შესრულდეს, სასამართლოების თავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მოსამართლეთა არასაკმარისი რიცხოვნობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, სხვა ორგანიზაციულ-ტექნკურ საკითხებთან ერთად.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა