საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 20.07.2015
2015 წლის 17 ივლისს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც აღნიშნა ბავშვის უფლებაზე ორიენტირებული კოდექსის მიღების მნიშვნელობა და რევოლუციური ნაბიჯი უწოდა მას ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისტორიაში. იუსტიციის მინისტრმა კოდექსზე მუშაობის პროცესში ევროკავშირის „Human Dynamics“ - ის პროექტის, გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF - ის დამსახურებაზე ისაუბრა. თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სოცმუშაკებისა და ადვოკატების მომზადების მნიშვნელობაზე, რათა დაცული იყოს ბავშვთა ინტერესებისათვის შესატყვისი მაღალი სტანდარტი.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ერთ-ერთმა თანაავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ნინო გვენეტაძემ გაიხსენა ის შეხვედრები, დისკუსიები და მოსაზრებათა აქტიური გაზიარების ფორმატი, რომელიც წინ უძღოდა კოდექსის მიღებას, აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს მესვეურთა, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელის რენატე ვინტერის ფასდაუდებელი წვლილი და თავდაუზოგავი ძალისხმევა კოდექსზე მუშაობის პროცესში.
ღონისძიებაზე არასრულწლოვანთა კოდექსის, როგორც ნოვაციის შესახებ ბავშვის უფლებაზე ზრუნვისათვის, ისაუბრეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, რენატე ვინტერმა (ევროკავშირის პროექტი), საშა გრაუმანმა (გაეროს ბავშვთა ფონდი).
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, რომ უკვე ექვსმა სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა კოდექსის სწორი გამოყენებისა და დანერგვის მნიშვნელობაზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა