საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.06.2015
2015 წლის 25 ივნისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაციის წევრებს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ კასადევალს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ნონა წოწორიას და სექციის რეგისტრატორის მოადგილეს ფატოს არასის შეხვდნენ.
მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მიმართა და მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის მნიშვნელობასა და განსახორციელებელ ცვლილებებზე მიაწოდა ინფორმაცია. ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დამკვიდრებული მიდგომისა და მაღალი სტანდარტის კონტექსში უზენაესი სასამართლოს, როგორც საბოლოო საკასაციო ინსტანციის როლის ახლებურ გააზრებაზე.
ნინო გვენეტაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ნაწილში ევროპული კონვენციით დამკვიდრებული მიდგომისა და ევროპის სასამართლოს პრეცედენტების საფუძველზე გადაწყვეტილების დასაბუთება აამაღლებს არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს, ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების პასუხისმგებლობას გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის სამართლებრივი დასაბუთების ხარისხის თვალსაზრისით, არამედ გაზრდის მართლმსჯულების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობასაც დაასაბუთონ საკასაციო საჩივარი“.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტებისა და ღონისძიებების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც სასამართლო სისტემაში მუდმივად ხდება მოსამართლეთა გადამზადება, მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება, მნიშვნელოვანია ევროპული კონვენციებით დამკვიდრებული მიდგომების შესწავლა და პრეცედენტების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის საკითხი.
ნინო გვენეტაძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 ოქმის რატიფიცირება, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობას უმაღლესი ინსტანციების სასამართლოებმა მიმართონ ევროპულ სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ღირსეულად შეძლოს ამ ახალი სტანდარტის გამოყენება. ოქმის რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ამ მოსაზრებას დელეგაციის წევრი ფატოს არასიც გამოეხმაურა და მაღალი შეფასება მისცა ქართულ სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ მდგომარეობას. „ეროვნული სასამართლოს ეფექტური მუშაობის შედეგად იკლო სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გასაჩივრებულმა საქმეებმა. მე ამას ვუკავშირებ ჭეშმარიტი სამართლებრივი ხედვის გაუმჯობესებას,“განაცხადა შეხვედრაზე ევროსასამართლოს დელეგაციის წევრმა ფატოს არასმა.
ქართული სასამართლო სისტემის სწრაფვა- დაამკვიდროს ევროპული სტანდარტის მართლმსაჯულება, ასევე დადებითად შეაფასა დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯოზეფ კასადევალმა. როგორც კასადევალმა თავის სიტყვაში აღნიშნა ,,საქართველოს მიერ მე-16 ოქმის რატიფიცირება ნიშნავს, თუ რაოდენ დაინტერესებულია ქვეყანა, ქართველი მოსამართლეებს ჰქონდეთ სამართლებრივი დიალოგის საშუალება ევროპის სასამართლოს მოსამართლეებთან.“
ჯოზეფ კასადევალმა ნინო გვენეტაძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიიწვია.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა