საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 18.06.2015
16 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის” მიღებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელიც გახსნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირისდაფინანსებული პროექტის “სისხლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ხელმძღვანელი, გაერო-ს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი რენატე ვინტერი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, გაერო-ს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრები პროფესორი კირსტენ სანსბერგი, „ბავშვთა უფლებები საერთაშორისო სამართალში“ წიგნის თანაავტორი პროფესორი ნევენა ვუჩკოვიჩ შაპოვიჩმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული მოსამართლეები ეკატერინე არეშიძე, ეკატერინე გაბრიჩიძე, ლარისა ლიპარტელიანი, ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლები თამარ ხულორდავა. მაია ჩოჩუა, ნინი გოგიბერიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები თეონა კუჭავა, ნანა ჩაფიძე.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას მიულოცა საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა არასრულწოვანთა კოდექსის, როგორც ბავშვის უფლებაზე ორიენტირებული ნორმატიული აქტის მიღება.
ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ იგი აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის თანამონაწილე და გულშემატკივარი იყო კოდექსის შექმნის ყველა ეტაპზე, ძალისხმევას არ დაიშურებს კოლეგებთან ერთად კოდექსის დანერგვისა და ბავშვის უფლებაზე ორიენტირებული საერთაშორისო სტანდარტების დასაცავად. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ქართველ კოლეგებს და მოსამართლეებს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ისაუბრა გაერო-ს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, რენატე ვინტერის განსაკუთრებულ დამსახურებაზე, აღნიშნა მისი გამორჩერული ძალისხმევა და მონდომება არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მუშაობისას, რისთვისაც მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
თავის მხრივ, რენატე ვინთერმა, საშა გრაუმანმა ყურადღება გაამახვილეს კოდექსის მიღების მნიშვნელობაზე და მის შემდგომ ეფექტურ იმპლემენტაციაზე. აღინიშნა ისიც, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის. ამ კუთხით ქვეყანა გაუტოლდა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების საუკეთესო სტანდარტს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში და სამაგალითო გახდა რეგიონში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში.
ნევენა ვუჩკოვიჩ შაპოვიჩმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს მისი თანაავტორობით გამოცემული და ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნი „ბავშვთა უფლებები საერთაშორისო სამართალში“ გადასცა.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა არასრულწლოვნებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების დახვეწის მიზნით შემდგომი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა