საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 01.10.2014
საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმაურება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის იმ განცხადებას, რომელიც მინისტრმა ვაშინგტონში ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში ჟურნალ „ტაბულას“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით გააკეთა.
ჟურნალ „ტაბულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა განაცხადა, რომ სასამართლომ მას არ მიაწოდა ინფორმაცია განაჩენების სტატისტიკის შესახებ.
უზენაესი სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ კერძო პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა კანონით დადგენილი წესის თანახმად. იუსტიციის მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 2014 წლის 24 მარტს მომართა წერილით და მოითხოვა სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების მიწოდება, რაზედაც სასამართლოდან მიიღო პასუხი და დანართი აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების მითითებით.
სასამართლო ასევე დამატებით აცხადებს, რომ გასაჯაროვებულია სტატისტიკური მონაცემები სასამართლოს საქმიანობის შესახებ და უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ამ ინფორმაციის მოძიება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
უზენაესი სასამართლო იმედოვნებს, რომ მინისტრის მიერ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ ემსახურებოდა სასამართლოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა