საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 23.06.2014
2014 წლის 23 ივნისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეების კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა. კონფერენციის გახსნის ცერემონიას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებს 13 ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საერთო ჯამში, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 30 დელეგატი.
კონფერენციას საფუძველი პრაღაში ჩაეყარა და პირველი ღონისძიებაც ამავე ქვეყანაში გაიმართა. 2011 წლიდან კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება ცენტრალურდა აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორია პრაღაში არსებული CEELI Institute, რომლის მთავარი მიმართულება კანონის უზენაესობის გაძლიერებაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რადგან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგანან, ასეთი სახის კონფერენციები გამოცდილების გაზიარების, პროექტებისა და იდეების ურთიერთგაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების გზაა.
კონფერენციას ტრადიციულად ესწრება ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ჯონ უოლკერი, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეთა კონფერენციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მკაფიო, კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილებები, გრძელვადიანი სასამართლო პროცესების მართვა ( ონლაინ კონფერენციების გამოყენებით); ეფექტური დისციპლინური მექანიზმები. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესისასამართლოს თავმჯდომარე წაიკითხავს მოხსენებას მოსამართლეთა განგრძობადი განათლებისა და ელექტრონული საქმისწარმოების შესახებ.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეთა წლევანდელი კონფერენცია თავისი შინაარსით გამორჩეულია, რადგან მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლები ხელს მოაწერენ მემორანდუმს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების შესახებ. გარდა სამუშაო შეხვედრისა, იგეგმება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. კონფერენცია დასრულდება 25 ივნისს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა